იაპონიის კიდევ ერთი ხმამაღალი სენსაცია - შოტლანდია მსოფლიო თასს გამოეთიშა
იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე მასპინძელთა ეროვნულმა გუნდმა კიდევ ერთი სენსაცია მოახდინა და ამჯერად ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, შოტლანდიის ნაკრები ასპარეზობას გამოთიშა.
მატჩის დებიუტი შოტლანდიელებისთვის ოპტიმისტური გამოდგა – მე-7 წუთზე მათ ლელო დადეს და ანგარიშით 7:0 დაწინაურდნენ. მიუხედავად ამისა, იაპონელებმა მატჩის შემოტრიალება შეძლეს, ბრიტანელებს პირველ ტაიმში სამი ლელოთი უპასუხეს, მეორეს დასაწყისში კი ერთიც დაამიწეს მათი ჩათვლის მოედანზე და ანგარიშით 28:7 დაწინაურდნენ.
მეოთხედფინალში გასასვლელად, შოტლანდიელებს მეტოქე შვიდ ქულაზე მეტის სხვაობით უნდა დაემარცხებინათ, ამიტომ მათ თამაშის გადასარჩენად გაიწიეს და 55-ე წუთისთვის ორი ლელოს გაქვითვა მოახერხეს – 28:21.
თუმცა, დარჩენილ დროში მასპინძლებმა ამ ანგარიშის შენარჩუნება შეძლეს, A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და მეოთხედფინალში სამხრეთ აფრიკას შეხვდებიან. მეორე ადგილზე ირლანდია გავიდა, რომელსაც ნახევარფინალში გასასვლელად ახალ ზელანდიასთან მოუწევს ჭიდილი, შოტლანდია კი მსოფლიო თასს გამოეთიშა.