იაპონიის ხელისუფლება სტიქიის შედეგად დაზიანებული ფუკუშიმას ბირთვული სადგურიდან რადიაქტიური წყლის ოკეანეში ჩაღვრას 24 აგვისტოდან დაიწყებს
იაპონიის ხელისუფლება სტიქიის შედეგად დაზიანებული ფუკუშიმას ბირთვული სადგურიდან რადიაქტიური წყლის ოკეანეში ჩაღვრას 24 აგვისტოდან დაიწყებს. როგორც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა, წყლის გაშვება დაიწყება 24 აგვისტოს, თუ შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობები იქნება. საუბარია მილიონ ტონა წყალზე, რომელიც ბირთვული რეაქტორების გასაგრილებლად გამოიყენებოდა.
როგორც ტოკიოს ენერგეტიკულ კომპანია TEPCO-ში განაცხადეს, წყლის გადაღვრა ეტაპობრივად მოხდება. 24 აგვისტოდან დაიწყება 7 800 კუბური მეტრი წყლის ჩაღვრა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ერთ ლიტრ წყალში ლითიუმის 190 ბეკერელი (რადიაქტიურობის საზომი ერთეული) იქნება, რაც ნაკლებია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ სასმელ წყალში დაშვებულ ზღვარზე (10 ათასი ბეკერელი ლიტრზე).
იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ წყლის ჩაღვრა უსაფრთხოა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ აღნიშნულ გეგმას „მწვანე შუქი“ ივლისში აუნთო. ოკეანეში რადიაქტიური წყლის ჩაღვრას აპროტესტებენ იაპონელი მეთევზეები და ჩინეთის მთავრობა.
ავარია ფუკუშიმას ბირთვულ ელექტროსადგურზე 2011 წლის გამანადგურებელმა ცუნამიმ გამოიწვია.