იაპონიის იმპერატორი ტახტიდან გადადგომას გეგმავს. სპეციალურმა პანელმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით თარიღი შეათანხმა, როცა ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში პირველად იაპონიის მონარქი სიცოცხლეშივე დატოვებს ტახტს.
მათი გადაწყვეტილებით, ეს 2019 წლის 30 აპრილს მოხდება. ინფორმაციას იაპონიის ეროვნული მაუწყებელი ავრცელებს.
იმპერატორ აკიჰიტოს გულზე ოპერაცია აქვს გაკეთებული, ასევე სიმსივნური დაავადებები აწუხებს. ამის გამო, გასულ წელს მან განაცხადა, რომ ასაკი და ჯანმრთელობა ხელს აღარ უწყობდა ვალდებულებების შესრულებაში.
ახალი კანონი, რომელიც ივნისში მიიღეს, აკიჰიტოს საშუალებას აძლევს ტახტიდან გადადგეს. მის ადგილს ტახტის მემკვიდრე უფროსი ვაჟი, პრინცი ნარუჰიტო დაიკავებს.
იაპონიის იმპერატორი იაპონელი ერის ერთიანობის სიმბოლოა. იმპერატორს მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს. რეალურად ძალაუფლებას იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფლობს.
იმპერატორის ტიტული მამაკაცის ხაზით გადაეცემა.