საქართველო იაპონიის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც იზიარებს ფუნდამენტურ ღირებულებებს, თანამშრომლობის თავისუფალ და ღია საერთაშორისო წესრიგს, რომელიც დამყარებულია კანონის უზენაესობაზე, – განაცხადა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იმამურა აკირამ პირველ არხთან საუბრისას.
ელჩთან საუბარი დავიწყეთ საქართველოსა და იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებული საკითხით.
ბატონო ელჩო, გესალმებით და უპირველესად, დიდი მადლობა ჩვენი ქვეყნებისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს, დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეზე რომ გამონახეთ დრო, საქართველოს პირველი არხის შეკითხვებზე საპასუხოდ. თუ შეიძლება, მოგვიყევით იაპონიის პრემიერ-მინისტრის წერილის შესახებ, რომელიც დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გადაეცით. რა შეიცვალა ამ 30 წელიწადში, სად ვდგავართ დღეს და რა სამომავლო პერსპექტივებს ხედავთ ამ კავშირს გაღრმავების გზაზე.
– დღეს მქონდა პატივი, შევხვედროდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილს. ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეზე ჩვენ გავცვალეთ მისალოცი წერილები. იაპონიის პრემიერ-მინისტრისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მთავარი გზავნილი არის, ის, რომ საქართველო იაპონიის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც იზიარებს ფუნდამენტურ ღირებულებებს, თანამშრომლობის თავისუფალ და ღია საერთაშორისო წესრიგს, რომელიც დამყარებულია კანონის უზენაესობაზე. წერილში საუბარი იყო იმ დიდ პოტენციალზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული თანამშრომლობის მეტად გაძლიერების მიმართულებით არსებობს და მომდევნო წლებში ეს თანამშრომლობა და პარტნიორული კავშირები კიდევ უფრო ღრმა და მრავლისმომცველი გახდება. 1992 წლიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, იაპონია თქვენი ქვეყნის აღმშენებლობის, განვითარების, სუვენერიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დიდი მხარდამჭერია. ვთვლით, რომ საქართველოს წარმატება ჩვენი წარმატებაა და ამაყი ვართ იმ პროგრესით, რომელიც საქართველოში ამ 30 წლის მანძილზე აშკარაა. მაგალითად დეველოპერულმა კომპანია „ჯაიკამ“ იაპონიაში ტრენინგებზე საქართველოდან 600 პირს უმასპინძლა. ჩვენ გვჯერა ადამიანური რესურსებისა და ადამიანებში ინვესტირების და ამ წლების მანძილზე ასე ვიქცევით. ახლა ბიზნესის მიმართულებით დონორ-მიმღებიდან თანასწორ, პარტნიორულ ურთიერთობაზე გადასვლის ეტაპის თვითმხილველები ვართ. საქართველოში ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთმა გიგანტმა კომპანია „ტეპლომ“ განახორციელა და „დარიალი ჰესის“ მეწილე გახდა. ჩვენ კიდევ არაერთი ასეთი მასშტაბური თანამშრომლობის იმედი გვაქვს, განსაკუთრებით იაპონური ტექნოლოგიის გამოყენებით ელექტროენერგიის დაზოგვის მიმართულებით.
ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ზამთარში თქვენ საქართველოს პირველ არხს სტუმრობდით, არხის დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს გადაეცით დოკუმენტური ფილმები იაპონიის კულტურულ ცხოვრებასა და ტექნოლოგიურ წინსვლაზე, რომლებიც პირველ არხზე გავიდა. რას ფიქრობთ საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის შესახებ?
– დიახ, მქონდა პატივი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და პირადად, თინათინ ბერძენიშვილის სტუმარი ვყოფილიყავი. ჩვენ დემოკრატიის დიდი მხარდამჭერები ვართ, განსაკუთრებით მედიის თავისუფლების მიმართულებით. ვფიქრობ, თავისუფალი მედია ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ იაპონიაშიც გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებელი „ენეიჩქეი“ და ქვეყნის მედიასივრცეში ის არის სიტყვის თავისუფლების ღერძი. შესაბამისად, ვფიქრობ, საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ თქვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. თინათინ ბერძენიშვილს გადავეცი იაპონური დოკუმენტური ფილმები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მოხარული ვარ, რომ აქაც დიდი დაინტერესება გამოიწვია. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ფონზე, რაშიც ჩვენი დიდი მხარდაჭერა გაქვთ. იაპონია ევროკავშირისა და ნატო-ს მჭიდრო პარტნიორია და ახლა, როდესაც უკრაინაში ომია, პირველად ქვეყნის ისტორიაში, პრემიერ-მინისტრი მადრიდში, ნატო-ს სამიტზე იყო მიწვეული. მე ვახსენე კანონის უზენაესობაზე დამყარებული თავისუფალი, ღია წესრიგი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინაში ამ შემზარავი და ტრაგიკული ომის დროს. ვფიქრობ, საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის და საქართველოსთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დამყარების დიდი პოტენციალი არსებობს.
უახლოეს მომავალში თუ იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები როგორც იაპონიაში, ასევე საქართველოში ორი ქვეყნის ერთმანეთისთვის უკეთ გაცნობის მიზნით?
– იაპონიაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავასა და სხვა ქართველების დამსახურებით, ქართული ღვინო, სამზარეულო, კულტურა და ტრადიციები საკმაოდ პოპულარული ხდება, ასევე საქართველოშიც ვხედავთ გაზრდილ ინტერესს იაპონიის ისტორიის, კულტურისა და სამზარეულოს მიმართ. ქართული კერძი „შქმერული“ ჩვენს რესტორნებში იმდენად პოპულარული გახდა, რომ მისი წარმოება იაპონურმა კომპანიებმა დაიწყეს. საქართველოში ვამზადებთ ღონისძიებების სერიას, მაგალითად 12 აგვისტოს თბილისში სუშის გამოფენა გაიხსნება. 2 სექტემბერს ნიქოზში ანიმეს შოუ ჩატარდება. ვხედავთ, რომ ახალგაზრდებს ძალიან აინტერესებთ იაპონური ენა, „ანიმე“. ეს ანიმაცია კი იქნება იაპონიაში მეორე მსოფლიო ომსა და ჰიროსიმას ატომურ დაბომბვაზე. ახლა, როცა უკრაინაში ომია და რუსეთის მხრიდან დგას შემზარავი საფრთხე ბირთვული იარაღი იქნეს გამოყენებული, ვფიქრობთ, ამ ანიმეს ჩვენება ძალიან დროული იქნება, რომ ახალგაზრდებმა ომის ტრაგიკულობა გააანალიზონ.