იაპონიის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში გამოიძახეს. ამის მიზეზად კი, იაპონიის ხელისუფლების მიერ კურილის კუნძულების შესახებ განცხადება დასახელდა.
მოსკოვის უკმაყოფილება გამოიწვია იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სინძო აბეს განცხადებამ, რომელმაც თქვა, რომ კურილის კუნძულების იაპონიისთვის გადაცემის საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია ამ კუნძულების მაცხოვრებლების მოსაზრების გათვალისწინება.
კრემლის უკმაყოფილების მიზეზი ასევე გახდა სინძო აბეს განცხადება, რომელშიც ამბობდა, რომ იაპონია მზად არის, კურილის კუნძულების ომის შემდგომი ოკუპაციისთვის კომპენსაციაზე უარი თქვას.
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, იაპონიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს განემარტა, რომ მსგავსი განცხადებები რუსეთისა და იაპონიის ლიდერების მიერ მიღწეული შეთანხმების არსს არ შეესაბამება და „მიზნად ისახავს მეორე მხარეს თავს მოახვიოს, პრობლემის დარეგულირების საკუთარი სცენარი“.
რუსეთისა და იაპონიის ლიდერები 2018 წლის ნოემბერში შეთანხმდნენ, რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების საკითხზე მოლაპარაკებები დააჩქარონ. კერძოდ, საუბარია 1956 წლის დეკლარაციაში გაწერილ პირობებთან დაბრუნებაზე, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ტოკიოს კურილის არქიპელაგის ოთხი სადავო კუნძულიდან ორს გადასცემს.