იაპონიაში ყვავმა საკრედიტო ბარათი მოიპარა და მატარებლის ბილეთის ყიდვას ცდილობდა [ვიდეო]
17:42, 10.05.2018
ვიცით, რომ ყვავები მართლაც ძალიან ჭკვიანები არიან, მაგრამ აქვთ თუ არა იმდენი ჭკუა, რომ საკრედიტო ბარათი გამოიყენონ და მატარებლის ბილეთი იყიდონ? სინამდვილეში… ალბათ შეიძლება. სწორედ ასე მოიქცა ერთი ყვავი იაპონიაში, რომელმაც ქალს საკრედიტო ბარათი მოპარა და ბილეთის ყიდვას ცდილობდა.
ტოკიოს სარკინიგზიო სადგურ კინსიტიოზე გადაღებული ვიდეო თავდაპირველად Twitter-ზე დაპოსტა მომხმარებელმა @kinoshi42155049-მა. კადრებში ასახულია ყვავის ბახალა, რომელიც ბილეთების აპარატს საგულდაგულოდ „ამოწმებს“, შემდეგ გვერდით აპარატთან ხტება და სხვა მომხმარებელ ქალს საკრედიტო ბარათს სტაცებს.
გაურკვეველია ყვავის მოქმედების მიზეზი. შესაძლოა, ფრინველს ის სულაც მასზე დატანილი ბრჭყვიალა ჰოლოგრამის გამო სურდა.
არსებობს მოსაზრება, რომ ყვავებს ადვილად შეუძლიათ ბარტერული გაცვლის პრინციპის გაგება. ყვავებს არა მხოლოდ მიზეზშედეგობრიობის კავშირის განსაზღვრა, ასევე მომავლის დაგეგმვაც შეუძლიათ. მაგალითად, მათ შეუძლიათ გაცვალონ ნივთები, რომელთა სანაცვლოდაც მოგვიანებით მაღალი ხარისხის საკვებს მიიღებენ.
აშშ-ში, გამომგონებელმა ჯოშ კლაინმა ყვავებისთვის შექმნა სავაჭრო აპარატები, საიდანაც მიწის თხილი იყრება, როცა ფრინველები მასში მონეტას აგდებენ. მისი მთავარი მიზანი იყო, გარეული ყვავებისთვის ესწავლებინა დაკარგული მონეტების პოვნა, რომლებსაც შემდეგ საკვებზე გაცვლიდნენ.
რა თქმა უნდა, ყველა ამ სცენარში ყვავებმა მხოლოდ საბაზისო უნარები აჩვენეს, მაგრამ არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომ ყვავებს პრობლემების გადაჭრა მთლიანად თავად შეუძლიათ. მაგალითად, გზაზე მიმავალი მანქანების გასაჩერებლად იყენებენ შუქნიშნის ღილაკს, შემდეგ გზაზე კაკლებს ყრიან, რათა მანქანებმა გადაუარონ და დაამტვრიონ, შემდეგ კი შიგთავს შეექცნენ.
გარდა ამისა, ჯოხებისგან აკეთებენ საკუთარ იარაღებს და მათი გამოყენებით მოიპოვებენ საკვებს, რომელსაც ნისკარტით ვერ სწვდებიან. ამის შემდეგ, ხელსაწყოს საგულდაგულოდ ინახავენ.
მიუხედავად ამისა, აბსოლუტურად არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც გვაფიქრებინებდა, რომ ამ ვიდეოში ყვავმა იცის, რისთვის გამოიყენება საკრედიტო ბარათი, ან როგორ მუშაობს ბილეთების აპარატი. თუმცა, იმ ყველაფერზე დაყრდნობით, რაც ყვავების გამჭრიახობის შესახებ ვიცით, სულაც არ იქნება გასაკვირი, რომ ყვავი სწორედ ამის გარკვევას ცდილობდა.