იაპონიაში წყალდიდობის გამო ავტომწარმოებელ Mazda-სა და Mitsubishi-ის ქარხნები დაიხურა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
შენობები სტიქიის შედეგად არ დატბორილა, თუმცა წყალდიდობის გამო თანამშრომლები ქარხნებში მისვლას ვეღარ ახერხებენ. სწორედ ამიტომ მათ წარმოების დროებით შეჩერება გადაწყვიტეს. კომპანიების მფლობელები ვარაუდობენ, რომ ჰიროსიმას პრეფექტურაში არსებული ქარხნების ამუშავებას კვირის ბოლომდე შეძლებენ.
იაპონიაში ძლიერ სტიქიას უკვე ერთი კვირაა ებრძვიან. წყალდიდობას 155 ადამიანი შეეწირა. ათობით პირი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. მათი სამძებრო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ოპერაციებში მონაწილეობას მთლიანობაში 73 ათასი ადამიანი იღებს. მათ შორის არიან სამხედრო მოსამსახურეები, პოლიციელები, სახანძრო და სამაშველო სამსახურების თანამშრომლები, ასევე სანაპირო დაცვის წარმომადგენლები.
სტიქიის გამო ხელისუფლებამ ორზე მეტ მილიონ მოსახლეზე გასცა ევაკუაციის განკარგულება. კიდევ სამ მილიონს კი მთავრობა უსაფრთხოების მიზნით სახლის დატოვებას ურჩევს. გასული კვირის შემდეგ კუნძულოვან სახელმწიფოში ძლიერმა წვიმამ მდინარეების ადიდება გამოიწვია. შედეგად ქვეყანა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვის.