იაპონიაში ვულკან კუჩინოერაბუს მოსალოდნელი ამოფრქვევის გამო, ევაკუაცია გამოცხადდა
იაპონიის ხელისუფლებამ, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კუნძულ კუჩინოერაბუზე ვულკანის მოსალოდნელი ამოფრქვევის გამო, დაუყოვნებლივი ევაკუაცია გამოაცხადა. განგაშის დონე მეორედან მეოთხემდეა გაზრდილი. მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, ვულკანის ამოფრქვევა შესაძლოა, კატასტროფული აღმოჩნდეს.
მკვეთრად არის გაზრდილი ვულკანის აქტივობა და ვულკანური მიწისძვრების სიხშირე. სპეციალისტების პროგნოზით, უახლოეს საათებში მოსალოდნელია ვულკანური ქვების ცვენა და ლავის გადმოსვლა. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს მთიდან 3 კილომეტრიანი დისტანცია დაიცვან.
ვულკანი კუჩინოერაბუ უკანასკნელად 2015 წლის მაისში ამოიფრქვა. კუნძულიდან ევაკუირებული მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს მხოლოდ წლის ბოლოს, დეკემბერში დაუბრუნდა.