იაპონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
იაპონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

იაპონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ მიიღო, რომელმაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო დაითხოვა.

„მსურს, ეს არჩევნები გამოვიყენო, რათა ხალხს უკეთ გავაცნო ჩვენი პარტიის მიზნები და ამოცანები“, – განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, ბოლო დროს ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ იაპონიის მოქალაქეების 48 პროცენტს სურს, მთავრობის პრიორიტეტი კორონავირუსის პანდემიის დამარცხება, ეკონომიკური აღდგენა და უმუშევრობის დაძლევა იყოს.

იაპონიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ და მისმა მთავრობამ პირობა დადო, რომ იაპონია უახლოეს მომავალში მიიღებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო მედიკამენტს. ამავე დროს, მმართველი პარტია თავდაცვის ბიუჯეტის მკვეთრად გაზრდას ითხოვს, რაც ჩინეთიდან მომავალ საფრთხეს უკავშირდება.
იაპონიის მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კონკურენტი კონსტიტუციური დემოკრატიული პარტიაა.

საპარლამენტო არჩევნები იაპონიაში 31 ოქტომბერს გაიმართება.