იაპონიაში ტაიფუნ „შანშანის“ მოახლოებასთან დაკავშირებით ავიაკომპანიებმა და სარკინიგზო ოპერატორებმა დაგეგმილი რეისები გააუქმეს, გაცემულია მოქალაქეების ევაკუაციის ბრძანება
იაპონიაში ტაიფუნ „შანშანის“ მოახლოებასთან დაკავშირებით ავიაკომპანიებმა და სარკინიგზო ოპერატორებმა დაგეგმილი რეისები გააუქმეს, გაცემულია მოქალაქეების ევაკუაციის ბრძანება. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, „ტოიოტამ“ იაპონიაში არსებული 14-ვე ქარხნის მუშაობა შეაჩერა.
„მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, რადგან მოსალოდნელია ძლიერი ქარი და ზღვის დონის ისე აწევა, როგორც აქამდე არ ყოფილა“, – აღნიშნულია იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს განცხადებაში.
მოსალოდნელია, რომ „შანშანი“ იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კუნძულ კიუშუს მომდევნო დღეებში დაარტყამს და შაბათ-კვირისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებს, მათ შორის დედაქალაქ ტოკიოს მიუახლოვდება.
ხელისუფლებამ კიუშუს მიმდებარე რეგიონებიდან 800 000-ზე მეტი მცხოვრებლის ევაკუაციის ბრძანება გასცა.