იაპონიაში შემოსავლების სამსახურმა ახალგაზრდებს მოუწოდა, მეტი ალკოჰოლი დალიონ
იაპონიაში შემოსავლების სამსახურმა ახალგაზრდებს მოუწოდა, მეტი ალკოჰოლი დალიონ. როგორც ბრიტანული გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, იაპონიაში ბოლო წლებში ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელი მკვეთრად ეცემა, რაც ქვეყნის ბიუჯეტში აქციზის შემოსავლებს ამცირებს.
2011 წელს ალკოჰოლის აქციზით მიღებული შემოსავალი იაპონიის ბიუჯეტის 3%-ს შეადგენდა, ხოლო 2020 წელს ის 2%-მდე შემცირდა.
„სახელმწიფოსთვის რომელსაც ბიუჯეტის ქრონიკული დეფიციტი აქვს, ხოლო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 200%-ს აჭარბებს, ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს“, – წერს „ფაინენშალ თაიმსი“.
ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ ახალგაზრდა იაპონელები გაცილებით ნაკლებ ალკოჰოლს სვამენ, ვიდრე უფროსი თაობის წარმომადგენლები. ერთი ზრდასრული მოქალაქე იაპონიაში ახლა წელიწადში საშუალოდ 75 ლიტრ ალკოჰოლს იღებს. 1995 წელს ეს მაჩვენებელი 100 ლიტრს შეადგენდა. ამ ტენდენციის შესაცვლელად შემოსავლების სამსახურმა სთხოვა 20-დან 39 წლამდე მოქალაქეებს, წარმოადგინონ ბიზნესიდეები, რათა ალკოჰოლის მიმართ ინტერესის სტიმულირება მოხდეს. ეს შეიძლება, ეხებოდეს როგორც იაპონურ საკეს, ისე ლუდს, ვისკის ან ღვინოს.
იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ კონკურსთან საერთო არაფერი აქვთ, თუმცა უწყება მუდმივ კონტაქტზეა შემოსავლების სამსახურთან ალკოჰოლისა და ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით. სამინისტროში იმედს გამოთქვამენ, რომ კამპანია ფოკუსირებული იქნება „ალკოჰოლის დასაშვებ ნორმაზე“.