იაპონიის ქალაქ უცუნომიაში, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა. ღონისძიებას 50-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის დისტრიბუტორები, რესტორნებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სემინარზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი ექვსი კომპანიის ღვინოები: „შატო მუხრანი“ – რქაწითელი, „თელედა/ორგო“ – რქაწითელი, „შუმი/ხაზი იბერიული“ – მწვანე, „შალაური“ – მწვანე“, „შალაური“ – საფერავი“ და „შუმი/ხაზი იბერიული“ – მუკუზანი.
სემინარის დასრულების შემდეგ, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ კიდევ 20-მდე დასახელების ქართული ღვინო.
ღონისძიებაში ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში მონაწილეობდა, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საუბარს ყველა ღონისძიებაზე პირველი ქართველი ოძეკით, პროფესიონალი სუმოისტით – ტოჩინოშინით იწყებს, რაც იაპონიაში საქართველოს და ქართული ღვინის ცნობადობას ზრდის.
როგორც ღონისძიების დასასრულს იაპონელმა ტოპ-სომელიე მოტოიკი ოკოშიმ განაცხადა, იაპონელ მომხმარებელს ეძლევა საშუალება დააგემოვნოს უნიკალური სტილის ქართული ღვინოები, რომლებიც განსხვავდება ყველა სხვა ქვეყნის ღვინოებისგან ხასიათით, მრავალფეროვნებით და დამზადების უნიკალური ქართული მეთოდებით. იაპონელი სომელიე მიიჩნევს, რომ ქართული ღვინოები კარგად ეხამება სხვადასხვა სახის სპეციფიკურ საკვებს. დეგუსტაციის სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქართულმა ბრენდმა და წითელმა ნახევრადტკბილმა ღვინოებმა მოახდინა.
კენიჩი ოჰაშის ინფორმაციით, სტუმართაგან 14-მა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ ქართული ღვინო საკუთარი გაყიდვების სიას დაამატოს.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 98 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 186 პროცენტით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.