იაპონიაში მილიონობით მიტოვებული სახლია, რომლებსაც ნებისმიერ მსურველს უფასოდ აძლევენ
იაპონიაში სახლების ფასი საკმაოდ მაღალია, მაგრამ ამ ქვეყანაში მაინც არის რვა მილიონზე მეტი გამოუყენებელი, მიტოვებული სახლი. მრავალი მესაკუთრე მზად არის, ასეთი სახლები ნებისმიერ მსურველს უფასოდ გადასცეს.
The Japan Times-ის ცნობით, გარკვეულ შემთხვევებში, ძველი სახლების დასანგრევად და ახლების ასაშენებლად ადგილობრივი ხელისუფლებები მესაკუთრეებს სუბსიდიებსაც სთავაზობენ.
მართალია, მრავალი სახლი საბაზრო ჩამონათვალში არ გვხვდება, მაგრამ ისინი შეტანილია ონლაინ მონაცემთა ბაზა akiya banks-ში, რაც იაპონურად „ცარიელ სახლს“ ნიშნავს. ზოგიერთი სახლი უფასოდ გაიცემა, ზოგის ღირებულება კი სიმბოლურად მხოლოდ 4$-ია.
უცხოელებს სახლების შეძენა საცხოვრებელი ვიზის გარეშე შეუძლიათ, მაგრამ ეს პროცესი გაცილებით მარტივია, თუ თქვენ იაპონიაში უკვე ფლობთ ერთ სახლს ან ამ ქვეყანაში მუშაობდით.
მრავალი სახლი დანგრევის პირასაა მისული, რისი მიზეზიც უხარისხო მასალებია, რომლებსაც ომის შემდეგ, 1960-იან წლებში, მშენებლობის ბუმის დროს იყენებდნენ.
The Guardian-იანის ცნობით, ასეთი სტრუქტურების ექსპლუატაციის ვადა 20-30 წელია. გარდა ამისა, მრავალი სახლი აშენებულია დახრილ ფერდობზე, რაც მათ განსაკუთრებით გამოუსადეგარს ხდის.
თუმცა, არის კიდევ ერთი დიდი მიზეზი, რის გამოც ამ სახლების ყიდვა არავის სურს.
იაპონიის მოსახლეობა მცირდება. მკვლევართა პროგნოზით, უახლოეს ორ ათწლეულში ქვეყნის მოსახლეობა 16 მილიონი ადამიანით შემცირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ასაკოვნები შეადგენენ, ახალგაზრდებს კი ბინის შეძენა ნაკლებად სურთ, განსაკუთრებით კი გარეუბნებსა და სოფლებში.
ეს პრობლემა თავს იჩენს ურბანულ ზონებშიც. The Japan Times-ის ცნობით, ტოკიოში, ყოველი ათი სახლიდან ერთი ცარიელია.
მართალია, ქალაქებში ასეთ ქონებაზე მოთხოვნა არის, მაგრამ იაპონიის უძრავი ქონების ბაზარი შენობების დანგრევას გარკვეულწილად აგულიანებს. თავისუფალ მიწასთან შედარებით, ქონების გადასახადები ექვსჯერ მაღალია იმ მიწისთვის, რომელზეც ფიზიკური სტრუქტურა დგას.
მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემის მოგვარება მთავრობას გარკვეულწილად შეუძლია, საკმაოდ რთული ამოცანაა ადგილობრივ მყიდველთა აზროვნების შეცვლა.
იაპონიაში ავის მომასწავებლად ითვლება ისეთი სახლის ყიდვა, რომელშიც ერთ დროს მოხდა მკვლელობა, თვითმკვლელობა ან ვინმე მარტოობაში მოკვდა. მრავალი ადამიანი ასეთი სტიგმატიზებული ქონების მიტოვებას ამჯობინებს.
უძრავი ქონების ზოგიერთი აგენტი ამ ცრურწმენებს გარკვეული რიტუალების ჩატარებითაც კი ებრძვის.
თუმცა, მრავალი მესაკუთრისათვის, ეს სახლები ინვესტიციად უბრალოდ არ ღირს. გაყიდვები ვერ წაახალისა ვერც მონაცემთა ბაზის შექმნამ.
იყო იმის შესაძლებლობაც, რომ ახალ კანონს Airbnb-სა და სხვა მსგავსი სერვისებისთვის ამ სახლების გამოყენების უფლება მიეცა.
მართალია, ასეთი კანონი 2018 წლის ივნისში მიიღეს, მაგრამ მან დააწესა მკაცრი შეზღუდვები. მაგალითად, ადგენს ქირავნობის 180 დღიან ვადას. ლოგიკურია, Airbnb-ის მასპინძლებს ამ შეთავაზებამ არ დააინტერესა.
ამასობაში, იაპონელები უპირატესობას ახალი სახლების შეძენას ანიჭებენ. ბაზაში არსებული მილიონობით ცარიელი სახლი კი ამაოდ ელის ახალ მფლობელს.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.