იაპონიაში გადაუღებელი წვიმის გამო 200 ათასზე მეტი მოქალაქე რისკის ზონაში აღმოჩნდა
იაპონიაში გადაუღებელი წვიმის გამო 200 ათასზე მეტი მოქალაქე რისკის ზონაში აღმოჩნდა. მეტეოროლოგების თქმით, უხვმა ნალექმა შესაძლოა გამოიწვიო მდინარეების ადიდება, მეწყერი და დიდი ტერიტორიის დატბორვა.
რამდენიმე პრეფექტურის 200 ათასზე მეტმა მცხოვრებმა ხელისუფლებისგან ევაკუაციის რეკომენდაცია უკვე მიიღო. ამჟამად სტიქიის გამო დაკარგულად ითვლება 13 ადამიანი. ცხრა ათასზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ერთ-ერთ დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა, რომელშიც სულ მცირე ორი ადმიანი მოყვა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სტიქიასთან საბრძოლველად შექმნილია ანტიკრიზისული შტაბი, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე ჩაუდგა სათავეში.
ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში უკვე გაგზავნეს 10 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც მოქალაქეებს დაეხმარებიან. მოეწყობა სპეციალური საეკაუაციო ცენტრებიც.