იაპონია თავდაცვის ბიუჯეტს რეკორდულად გაზრდის
იაპონია თავდაცვის ბიუჯეტს რეკორდულად გაზრდის

იაპონიის მთავრობამ პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს ხელმძღვანელობით დაამტკიცა ბიუჯეტის პროექტი, რომლის მიხედვითაც თავდაცვისთვის 5,2 ტრილიონი იენაა (39 მილიარდი ევრო) გათვალისწინებული. წინა წელთან შედარებით, ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი 1,3 პროცენტით იზრდება.

„მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ყველაზე თანამედროვე, ეფექტიანი აღჭურვილობა ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად“, – განაცხადა იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ინცუნორი ონოდერამ.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, სამხედრო ხარჯების ზრდა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხით არის განპირობებული.

იაპონიის თავდაცვის ბიუჯეტი უკვე ბოლო ოთხი წელია იზრდება. მხოლოდ Aegis-ის ორი ანტისარაკეტო სისტემის შესაძენად გათვალისწინებულია 730 მილიონი იენი (თითქმის 5,5 მილიონი ევრო).

იაპონიის 2018 წლის ბიუჯეტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.