იაპონია სამხრეთ კურილიის კუნძულ იტურუპზე  დიმიტრი მედვედევის ვიზიტთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამს
იაპონია სამხრეთ კურილიის კუნძულ იტურუპზე დიმიტრი მედვედევის ვიზიტთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამს

იაპონია სამხრეთ კურილიის კუნძულ იტურუპზე რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამს.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საგარეო უწყების ევროპის ქვეყნების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იასუსი მასაკიმ მწვავე პროტესტი გამოთქვა რუსეთის საელჩოს მრჩევლის, დმიტრი ბირიჩევსკის მისამართით და მას იაპონიის თანმიმდევრული პოზიცია გააცნო.

საპასუხოდ, მოსკოვის პრინციპულ პოზიციებზე ისაუბრა თავად ბირიჩევსკიმაც. ტოკიოს პროტესტზე კომენტირებისას რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, დიმიტრი მედვედევმა თქვა, რომ მოსკოვში ეს არავითარ შეშფოთებას არ იწვევს.

მედვედევის განცხადებით, კურილის კუნძულები რუსეთის ფედერაციის სუბიექტია და სახალინის ოლქში შედის. ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ავიაგამანადგურებელ „სუ-35“-ების ეკიპაჟებს გაესაუბრა, რომლებიც იტურუპზე საბრძოლო მოვალეობას ასრულებენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წელს, კუნძულები: იტურუპი, კუნაშირი, შიკოტანი და ხაბომაი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა. იაპონიისთვის კუნძულები დროებით ოკუპირებული ტერიტორიაა.