იაპონელი ღვინის მაგისტრი - საქართველო ნამდვილად ღვინის პირველი მწარმოებელი ქვეყანაა, რის გამოც პატივისცემას იმსახურებს
ტოკიოში მიმდინარე გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ფარგლებში იაპონიაში ერთადერთმა ღვინის მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ ქართული ღვინის პრეზენატაცია იაპონელი ღვინის პროფესიონალებისთვის გამართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, ღონისძიებას 120-მდე სტუმარი – ადგილობრივი ღვინის ექსპერტები, იაპონიის სომელიეთა ასოციაციის წევრები, სარესტორნო და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთაც კენიჩი ოჰაში სამი საათის მანძილზე ქართული ღვინის კულტურასა და ქართულ ღვინოს აცნობდა.
კენიჩი ოჰაშიმ სტუმრებს უამბო, რომ ქართული ქვევრის ღვინის წარმოება 8000 წლის წინ დაიწყო და ღვინის წარმოების ქართული მეთოდი უნიკალურია მთელს მსოფლიოში. ღვინის მაგისტრმა ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მისი აზრით, ასევე განაპირობებს ქართული ღვინის გემოვნურ თვისებებსა და განუმეორებლობას.
„საქართველო ნამდვილად ღვინის პირველი მწარმოებელი ქვეყანაა, რის გამოც პატივისცემას იმსახურებს. ასევე საინტერესოა ჯიშების მრავალფეროვნება. ეს ყველაფერი ჩვენთვის ახალია და მინდა, კიდევ უფრო მეტი გავიგოთ ქართული ღვინის შესახებ, რადგან ეს უძველესი ისტორიული ცოდნაა, რაც ჩვენთვის სრულიად ახალია“, – აღნიშნა კენიჩი ოჰაშიმ.
კენიჩი ოჰაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია იაპონიაში, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანია „რედ ბრიჯს” (Red Bridge) ხელმძღვანელობს. ეს კომპანია ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას იაპონიაში 2017 წლიდან ახორციელებს.
პრეზენტაციის მსვლელობის დროს სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი ქართული ღვინის კომპანიების სხვადასხვა დასახელების ღვინოები: „შატო მუხრანი“, „თბილღვინო“, „თელედა/ორგო“, „თელიანი ველი“, „სტორი“, „მეღვინეობა ვაზიანი“, „ასკანელი ძმები“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „თელავის ღვინის მარანი“, „მეღვინეობა შუმი“ და „სესიაშვილის მარანი“.
პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია „სონისა” და კომპანია „ტოპანთან” პარტნიორობით. საგამოფენო ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.