იანვრიდან მრავალშვილიანი ოჯახების ნაწილი ელექტროენერგიის სუბსიდიას მიიღებს
იანვრიდან მრავალშვილიანი ოჯახების ნაწილი ელექტროენერგიის სუბსიდიას მიიღებს

მომავალი წლიდან მრავალშვილიანი ოჯახების ნაწილს ელექტროენერგიის საფასურს სახელმწიფო დაუფარავს, – აღნიშნულ შეღავათს მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს, რომელიც საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ელექტროენერგიის სუბსიდიას 20 ლარს ყოველ თვეში მიიღებს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც ჰყავს ოთხი 18 წლამდე ასაკის შვილი. ხოლო მე-5 და და ყოველ მომდევნო თითოეულ არასრულწლოვანზე – დამატებით არაუმეტეს 10 ლარს, მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის გათვალისწინებით.

აღნიშნულ შეღავათს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე ოჯახი იმ შემთხვევაში იღებს, თუ რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა 300 000 ან ნაკლებია.

ამასთან, ორივე მშობლისთვის მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, სოციალური შეღავათის მიღებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება დედა.

შეღავათი არ გაიცემა მრავალშვილიან მშობელზე, რომლის ბავშვები განთავსებული არიან სახელმწიფო მეურვეობის-მზრუნველობის ქვეშ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფო მეურვეობის-მზრუნველობის ქვეშ განთავსების მიუხედავად, მრავალშვილიან მშობელთან მყოფი ბავშვების რაოდენობა შეადგენს არანაკლებ ოთხს.

როგორც მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული, ამ  სოციალური შეღავათის მიღება არ გამოიწვევს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის შეჩერებას-შეწყვეტას ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალ გადამოწმებას.

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი კანონმდებლობაში 2018 წლის ივნისში განისაზღვრა და მთავრობას დაევალა, აღნიშნული ოჯახების მხარდაჭერის პროგრამები შეემუშავებინა.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 12 400-მდე შინამეურნეობაა, სადაც ოთხი და მეტი ბავშვია. ამ კატეგორიის ოჯახების ელექტროენერგიის სუბსიდიაზე სახელმწიფო წელიწადში 3 მილიონ ნახევარ ლარამდე თანხას დახარჯავს.