იანვრიდან ავტოტრანსპორტზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონებისა და მისი სისტემების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყება
2020 წლის პირველი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სავალდებულო გახდება.
ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელები, რომლებსაც დამონტაჟებული აქვთ თხევადი აირის აირბალონი და სისტემა, 2020 წლის პირველი იანვრიდან ვალდებულები იქნებიან, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს, თან თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი იქონიონ.
აღნიშნული სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს შესაბამისობის შემფასებელი აკრედიტებული პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბასად.
უწყების ცნობით, ინსპექტირების სერტიფიკატის უქონლობის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე არ დაიშვებიან.
ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, გათხევადებული აირის აირბალონი ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ხუთ წელიწადში ერთხელ, ხოლო თხევადი აირის სისტემა – სამ წელიწადში ერთხელ.
მოცემულ ეტაპზე თხევადი აირის აირბალონისა და სისტემის ტექნიკური ინსპექტორების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლებელებს შეუძლიათ მიმართონ ინსპექტირების ცენტრებს შემდეგ მისამართებზე
შპს „გაზკონტროლი“ – თბილისი, კახეთის გზატკეცილი N67; შპს „ჰესლერი“ თბილისი, გიორგი მდივანის პირველი შესახვევი N100; შპს „გიომოტორსი“ – გორი, სუხიშვილის ქ.N63; შპს „გიომ1“ – ქუთაისი, აბაშიძის N32.
გათხევადებული აირბალონისა და მისი სისტემის ინსპექტირების მიზნით სხვა აკრედიტირებული ინსპექტირების ცენტრების თობაზე საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია, მას შემდეგ, რაც მათ მიერ აკრედიტაციის მიღების პროცესი დასრულდება.
თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემების ინსპექტირებას ახორციელებენ ინსპექტირების ორგანოები, რომლებსაც აკრედიტაცია მინიჭებული აქვთ სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრისგან.
ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი ევროკავშირის აკრედიტაციის ასოციაციის მიერაა აღიარებული. ცენტრის მიერ აკრედიტებული პირების სერტიფიკატები, მათ შორის საინსპექციო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, აღიარებულია, მათ შორის, ევროკავშირში.