იანვარ-თებერვალში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი იყო, ყველაზე დიდი კი, იმპორტიორი თურქეთი
2020 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.6 პროცენტი შეადგინა. საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილზე არის აზერბაიჯანი, 90.3 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტით; მეორე ადგილს 65.0 მლნ აშშ დოლარით ჩინეთი იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე 60.4 მლნ. აშშ დოლარით რუსეთია.
ამასთან, წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის პირველ ორ თვეში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი – 214.5 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 138.6 მლნ. აშშ დოლარით და აზერბაიჯანი – 135.7 მლნ. აშშ დოლარით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი – 250.6 მლნ. აშშ დოლარით, აზერბაიჯანი – 226.0 მლნ. აშშ დოლარით და რუსეთი – 199.0 მლნ. აშშ დოლარით.
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 853.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.0 პროცენტით მეტია.