იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 10.4 პროცენტით გაიზარდა, იმპორტი კი, 3.1 პროცენტით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 366.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მთლიანი ვაჭრობიდან ექსპორტი 3 035.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (10.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 331.2 მლნ. აშშ დოლარს (3.1 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში, 4 295.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.4 პროცენტია.
ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტით გაიზარდა და 1 889.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 528.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 17.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 522.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 17.2 პროცენტი), ხოლო მესამეზე – ფეროშენადნობები 251.7 მლნ. აშშ დოლარით (8.3 პროცენტი).
ამასთან, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 616.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები 529.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრანტები 497.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.8 პროცენტი).