სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 758.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, ექსპორტი – რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 61.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ორი პროცენტით შემცირდა და 1 083.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
ამასთან, მიმდინარე წლის შვიდ თვეში, ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 77.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არაიან რუსეთი – 206.9 მლნ. აშშ დოლარით, ბულგარეთი – 142.8 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი – 118.3 მლნ. აშშ დოლარით.
ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილს, 203.6 მლნ. აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 18.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 129.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 106.8 მლნ. აშშ დოლარით.