2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 071.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 51.0 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტით შემცირდა და 1 055.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
ამასთან, მიმდინარე წლის რვა თვეში, ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 72.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი – 240.8 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 118.6 მლნ. აშშ დოლარითა და ბულგარეთი – 77.4 მლნ. აშშ დოლარით. 2020 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 144.9 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 121.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 75.2 მლნ. აშშ დოლარით.