იანოშ ჰერმანი - თავდასხმა მედიასა და ჟურნალისტებზე გულისხმობს თავდასხმას დემოკრატიაზე, თითოეული ჩვენგანის თავისუფლებაზე
თავდასხმა მედიასა და ჟურნალისტებზე გულისხმობს თავდასხმას დემოკრატიაზე, თითოეული ჩვენგანის თავისუფლებაზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა განაცხადა.
„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, ხელი შეუწყოს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, რაც თითოეული ადამიანის უფლებაა და დაფუძნებულია თანასწორობის, არადისკრიმინაციისა და ერთიანობის პრინციპებზე, ნებისმიერი მედიასაშუალებით, როგორც ჩვენს ქვეყნებში, ასევე ჩვენი ქვეყნების გარეთ“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
ამასთან, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის მიერ საქართველოში დაწესებული კონკურსის, „2018 წლის ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, შესახებ.
„2012 წელს ჩვენ დავაწესეთ ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში, რათა გამოგვევლინა ყველაზე მაღალი ხარისხის მედიანამუშევარი საქართველოში. დღეს მერგო პატივი წარმედგინა რიგით მეშვიდე, ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი კონკურსი ჟურნალისტიკაში“, – აღნიშნა ელჩმა.
„2018 წლის ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ კონკურსის დაჯილდოება მოხდება შვიდ კატეგორიაში: ბეჭდური მედია, ონლაინ და სამაუწყებლო მედია. ასევე წარმოდგენილი იქნება განსაკუთრებული პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში, რომელიც დააწესა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.