„საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე კიდევ ერთხელ განმტკიცდა“
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოში კონფერენციის – “ევროკავშირი და პარტნიორები – მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის” ჩატარება მნიშვნელოვანია.
როგორც ჟურნალისტებს ჰერმანმა განუცხადა, დღევანდელი კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს.
“ერთი მხრივ, ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობა აქვთ, ასევე ასოცირების შეთანხმება არსებობს და ეს ურთიერთობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ განმტკიცდა. მეორე მხრივ კი, არსებული და დამტკიცებული ურთიერთობის პირობებში მომავალზე და იმაზე უნდა ვიფიქროთ, ეს ურთიერთობა თუ როგორ განვითარდება და გაღრმავდება. ამ ურთიერთობის გაღრმავების დინამიკურ გზებს ვეძებთ, რაც ყველასთვის ხელსაყრელი იქნება. საქართველოში მსგავსი კონფერენციების ჩატარება მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მას მრავალფეროვანი და წარმომადგენლობითი საერთაშორისო საზოგადოება ესწრება”, – განაცხადა ჰერმანმა.
საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია “ევროკავშირი და პარტნიორები – მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის” დღეს გაიხსნა, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.