იანის ანტეტოკუმპომ, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს #1TVSPORT
ESPN-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ნაკრებისა და „მილუოკი ბაქსის“ ლიდერმა, იანის ანტეტოკუმპომ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და მისი თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე საეჭვოა.
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ორგზის უძვირფასესმა მოთამაშემ მარცხენა მუხლზე ტრავმა გასული სეზონის დასასრულს მიიღო და ოპერაციის გაკეთება აუცილებელი აღმოჩნდა.
როგორც „მილუოკი ბაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ადრიან გრიფინმა განაცხადა, ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა და იანისი თავის კლუბს სეზონის წინ, სექტემბერში, მოსამზადებელი ეტაპის დროს დაუბრუნდება.
რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, მუნდიალი 25 აგვისტოს იწყება. დიდია ალბათობა, ანტეტოკუმპომ რეაბილიტაციის სრულად გავლა და ვარჯიშის დაწყება ამ დრომდე ვერ მოასწროს.
28 წლის ბერძენმა კალათბურთელმა ეროვნული ნაკრების რიგებში წინა ორ დიდ ტურნირზე ითამაშა. ის 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე იღებდა მონაწილეობას, ხოლო 2022 წელს – ევრობასკეტზე.
საბერძნეთის ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში იმყოფება, სადაც მისი მეტოქეები აშშ-ის, იორდანიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებები არიან. ამ ჯგუფის თამაშები ფილიპინების ქალაქ პასაიში ჩატარდება.