თორნიკე შენგელია ერთ-ერთია - FIBA მსოფლიო ჩემპიონატის წინ ნაკრებებში დაბრუნებულ ვარსკვლავებზე წერს #1TVSPORT
თორნიკე შენგელია ერთ-ერთია - FIBA მსოფლიო ჩემპიონატის წინ ნაკრებებში დაბრუნებულ ვარსკვლავებზე წერს #1TVSPORT

კალათბურთში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოდან დაიწყება. მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ, FIBA-მ ამ მოვლენას არაერთი საინტერესო სტატია მიუძღვნა. ერთ-ერთი ასეთი წერილი ნაკრებებში დაბრუნებულ ვარსკვლავებს ეხება, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანის, თორნიკე შენგელიას შესახებაცაა საუბარი.

FIBA-მ ათი კალათბურთელი გამოარჩია. ისინი ადრე თავიანთი ქვეყნებისთვის დიდ ძალას წარმოადგენდნენ, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო გასულ ზაფხულს გამართული სანაკრებო ტურნირები გამოტოვეს.

ვარსკვლავებს შორის მეოთხეა თორნიკე შენგელია. როგორც FIBA-ს მიმომხილველი მიიჩნევს, 31 წლის ფორვარდის არყოფნა მასპინძელი საქართველოსთვის 2022 წლის ევრობასკეტზე ძალიან დიდი დარტყმა იყო. ასევე თვლის, რომ თორნიკემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველების მუნდიალზე გაყვანაში.

„მეოთხე ადგილზე თორნიკე შენგელიაა, საქართველოს ნაკრების გული და სული. მისი არყოფნა ეროვნული გუნდისთვის 2022 წლის ევრობასკეტზე დიდი გამოწვევა იყო.

ფორვარდმა საშინაო კედლებში ჩატარებული ევროპირველობა მხრის ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ მან დიდი როლი ითამაშა საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე გაყვანაში“, – წერს FIBA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

თორნიკე შენგელია 2023 წლის მსოფლიო პირველობის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს თამაშში საშუალოდ 19.4 ქულით, 7.6 მოხსნითა და 3.3 შედეგიანი გადაცემით ეხმარებოდა.

FIBA-ს ვერსიით საკუთარი ქვეყნის ნაკრებში დაბრუნებული ათი გამორჩეული ვარსკვლავი:

10. სილვიო სოუსა (ანგოლა)
9. მორიც ვაგნერი (გერმანია)
8. სერხიო ლული (ესპანეთი)
7. ნიკოლას ბატუმი (საფრანგეთი)
6. ნანდო დე კოლო (საფრანგეთი)
5. ბოგდან ბოგდანოვიჩი (სერბეთი)
4. თორნიკე შენგელია (საქართველო)
3. არჯეი ბარეტი (კანადა)
2. პატი მილსი (ავსტრალია)
1. კარლ-ენტონი თაუნსი (დომინიკის რესპუბლიკა)

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი F ჯგუფშია და თავის შეხვედრებს იაპონიაში, ოკინავაში 26 აგვისტოდან ჩაატარებს.