კანადის ნაკრებმა აშშ დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა [ვიდეო] #1TVSPORT

საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც კანადის ნაკრებმა აშშ-ის ეროვნულ გუნდს 127:118 მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

შეხვედრა კანადელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი მათ 34:25 მოიგეს. ამერიკელებმა მეორე მეოთხედში თამაშში დაბრუნება მაოხერხეს, თუმცა კანადა მეორე ტაიმის დასაწყისში ისევ გაექცა მეტოქეს.

აშშ-ის ნაკრებმა მეოთხე მეოთხედში დაცვა სერიოზულად გააძლიერა, შეტევაშიც მეტი სივრცე იპოვა და თამაშში დაბრუნება კიდევ ერთხელ მოახერხა, თუმცა საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე კანადა კვლავ 4 ქულით წინ იყო. ამ დროს ამერიკელთა უკანახაზელმა მიკალ ბრიჯისმა ერთი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა, მეორე შეგნებულად ააცილა, თავისივე ნასროლი ბურთი მოხსნა და ზუსტი სამქულიანით თამაში დამატებით დროში გადაიყვანა – 111:111.

დამატებითი დრო უკეთ კანადელებმა ჩაატარეს და ამის შემდეგ აშშ-ს ნაკრებს, პრაქტიკულად, შანსი აღარ ჰქონია. საბოლოოდ, კანადამ აღნიშნული მესამე ადგილით მსოფლიო ჩემპიონატებზე თავისი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

მატჩის გამორჩეული მოთამაშე იყო კანადის ნაკრების მცველი დილონ ბრუქსი, მან 39 ქულა დააგროვა. 31 ქულა ჰქონდა შაი გილჯის-ალექსანდერს, ხოლო რჯ ბარეტი კანადელებს 23 ქულით დაეხმარა. აშშ-ის 24 ქულით ენტონი ედვარდსმა ულიდერა, 10-ზე მეტი ქულის დაგროვება კი გუნდის ექვსმა მოთამაშემ შეძლო.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი სერბეთსა და გერმანიას შორის დღეს, 16:45 საათზე გაიმართება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოს პირველ არხზე იქნება შესაძლებელი.