იანელა და სანდრა სანჩესების ამერიკული თავგადასავალი - ვინ არის ტრამპის მიგრაციული პოლიტიკის სიმბოლოდ ქცეული ორი წლის ჰონდურასელი გოგონა
იანელა და სანდრა სანჩესების ამერიკული თავგადასავალი - ვინ არის ტრამპის მიგრაციული პოლიტიკის სიმბოლოდ ქცეული ორი წლის ჰონდურასელი გოგონა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ლათინოამერიკელ ბავშებზე დღეს ყველაზე მეტს საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ 20 ივნისს დონალდ ტრამპმა მიგრანტთა ოჯახების განცალკევების პოლიტიკის დასრულების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, მეორე დღეს გამოცემა TIME-ის ყდაზე პრეზიდენტი ტრამპის და 2 წლის ჰონდურასელი გოგონას ფოტო დაიბეჭდა წარწერით, – „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამერიკაში“ (Welcome to America).

ეს ორი წლის გოგონა დონალდ ტრამპის ხისტი მიგრაციული პოლიტიკის და აშშ-ის გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსის მიერ არალეგალი მიგრანტების მიმართ გამოცხადებული „ნულოვანი ტოლერანტობის“ სიმბოლოდ იქცა. პულიცერის პრემიის მფლობელი ამერიკელი ფოტორეპორტიორის, ჯონ მურის მიერ გადაღებულმა ფოტომ დიდი მღელვარება გამოიწვია.

მღელვარება ტრამპის მიერ განკარგულების ხელმოწერის შემდეგაც არ ჩამცხრალა. სანამ წარმომადგენელთა პალატაში საიმიგრაციო კანონპროექტს განიხილავდნენ, პროტესტის ნიშნად კონგრესში ამერიკის მოქალაქეებმა მცირეწლოვანი შვილები მიიყვანეს და მარმარილოს იატაკზე გაწვნენ, – მათ თავშესაფარში მშობლების გარეშე გადაყვანილი მიგრანტი ბავშვების მიმართ სოლიდარობა ამ ფორმით გამოხატეს. გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამერიკის სხვადასხვა ქალაქში ტრამპის მიგრაციული პოლიტიკის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.

დღეს უკვე ცნობილია, რომ ამ პატარა გოგონას იანელა სანჩესი ჰქვია. იგი დედამ, სანდრა სანჩესმა ჰონდურასიდან შეერთებულ შტატებში ამერიკული ოცნების ასახდენად წაიყვანა.

დასავლური მედია დედა-შვილის ისტორიით დაინტერესდა. CBS-მა, Fox News-მა და BBC-იმ ის მესაზღვრე მოძებნეს, ვის სიახლოვეს ფოტოზე ატირებული ბავშვი დგას. ასევე გაირკვა, რომ გოგონა თავშესაფარში დედის გარეშე არ გადაუყვანიათ, როგორც ამას მედია აქამდე წერდა. თუმცა ამ ვერსიას მყარი საფუძველი ჰქონდა. ბოლო კვირებში აშშ-ის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის 1600-მდე ჰონდურასელი, გვატემალელი, კოსტა-რიკელი და სალვადორელი მიგრანტი დააკავეს, მათი თანმხლები არასრულწლოვნები კი ტეხასის შტატში მდებარე სპეციალურ თავშესაფრებში მოათავსეს.

CBS-თან საუბარში ამერიკელმა მესაზღვრემ, კარლოს რუისმა ემოციები ვერ დამალა. ის პირველი იყო, ვინც სანდრა სანჩესს და მის ორი წლის შვილს, იანელა სანჩესს აშშ-მექსიკის საზღვარზე შეხვდა. ღამის 10 საათი იყო. მან ახალგაზრდა ქალს, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვი ეჭირა ხელში, ესპანურ ენაზე მიმართა და სთხოვა, პატარა გოგონა რამდენიმე წუთით მიწაზე დაესვა. სანამ რუისი სანდრა სანჩესს ჩხრეკდა, მის ფეხებთან მდგომი ბავშვი ტიროდა.

„ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა, მაგრამ მე ჩემ მოვალეობას ვასრულებდი. ვკითხე ქალს, რამე ხომ არ სტკიოდა მის შვილს. მან მიპასუხა, რომ დიდი გზა გამოიარეს, ბავშვს ეძინება და სწყურიაო. ჩვენ დედა-შვილი ერთად წავიყვანეთ თავშესაფარში. ისინი არავის დაუშორებია“, – თქვა კარლოს რუისმა.

სანდრა სანჩესმა შვილთან ერთად, ისევე როგორც დანარჩენმა ასობით მიგრანტმა ცენტრალური ამერიკიდან აშშ-მექსიკის საზღვრამდე დიდი გზა გაიარა. მათი მოგზაურობა ამერიკული ოცნების ძიებაში თითქმის ორ თვე გაგრძელდა. დანიშნულების წერტილს 13 ივნისს მიაღწიეს. რიო გრანდეს მდინარის გადალახვით დედა-შვილი, სხვა მიგრანტებთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოჩნდა. სწორედ იქ შეხვდა ფოტორეპორტიორი ჯონ მური პატარა გოგონას, რომლის ფოტომაც ტრამპის მკაცრი მიგრაციული პოლიტიკის შეცვლაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

ჯონ მურმა ფოტოები Twitter-ში იმავე დღეს გამოაქვყენა, წარწერით: „დედა-შვილი ჰონდურასიდან, სანამ მათ მესაზღვრეები დააკავებდნენ.“

მური მთელი ამ ხნის განმავლობაში სოციალურ ქსელში წერდა, რომ მისთვის, როგორც მამისთვის ატირებული ბავშვის ყურება მძიმე იყო. დღეს იგი დარწმუნებულია, რომ სწორედ ამ ფოტომ ტრამპისა და სეშენსის „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის სრული მარცხი და სისასტიკე ნათლად წარმოაჩინა.

„როდესაც ფოტოზე ასეთ სცენას აღბეჭდავ, შეუძლებელია თავად არ განიცდიდე ამ სევდას. შენ, როგორც ფოტოგრაფმა იცი, რომ ეს განცდა გადამდებია. მე ვიცოდი, რომ ეს ფოტო მილიონობით ადამიანზე იმოქმედებდა და დაასევდიანებდა“, – თქვა ჯონ მურმა.

ამერიკული ტელეკომპანია Fox News და ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC ჰონდურასელი დედა-შვილის ოჯახს დაუკავშირდა. როგორც ირკვევა, სანდრა სანჩესს ქმარი, დენის ვალერა შეერთებულ შტატებში წასვლის შესახებ არ გაუფრთხილებია. მან ამის შესახებ გვიან შეიტყო, რამდენიმე დღის წინ კი საკუთარი შვილის ფოტო ტელევიზორში ნახა.

„ალბათ, სანდრას უნდოდა, რომ შვილისთვის უკეთესი მომავალი შეექმნა“, – უთხრა დენის ვალერამ Fox News-ს.

არავინ იცის, რა მიზეზით გადაწყვიტა სანდრამ ქმრის გარეშე მიგრაციაში წასვლა, თუმცა პრესაში ჩნდება ვარაუდი, რომ შესაძლოა, სანდრა სანჩესი ერთ-ერთია იმ ასობით ქალს შორის, რომლებიც ჰონდურასიდან, გვატემალიდან და სალვადორიდან არა მხოლოდ სიღატაკეს და ავტორიტარულ რეჟიმს, არამედ მოძალადე ქმარს გაურბის.