იან კელი - საქართველოს გვერდით დავუდგებით იმ დრომდე, ვიდრე ნატო-ს წევრობას შეძლებს
იან კელი - საქართველოს გვერდით დავუდგებით იმ დრომდე, ვიდრე ნატო-ს წევრობას შეძლებს

„საქართველოს გვერდით დავუდგებით იმ დრომდე, ვიდრე ნატო-ს წევრობას შეძლებს“, ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის საპასუხოდ განაცხადა.

კელი აღნიშნავს, რომ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას აშშ უცვლელად უჭერს მხარს.

„ნატოს გენერალური მდივნის ეს განცხადება არ მინახავს, თუმცა იგი სრულიად შეესაბამება აშშ-ს პოზიციას, რომელიც თანმიმდევრულია ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა, რომელიც აქ აგვისტოში იმყოფებოდა, თქვა, რომ საქართველოს გვერდით დავუდგებით იმ დრომდე, სანამ ნატო-ს წევრობას შეძლებს, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსსა და თანხმობას.

რაც შეეხება აშშ-ს, იგი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ნატოს წევრობას“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა პირველი არხის კითხვის საპასუხოდ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კანადის ქალაქ ჰალიფაქსში მიმდინარე უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება 29 მოკავშირემ უნდა მიიღოს და ამ პროცესში ვერავინ ჩაერევა.