იან კელი - საქართველო სუვერენული ქვეყანაა და დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს, რას გააკეთებს ნატო-ს წევრობისთვის
საქართველო სუვერენული ქვეყანაა და თავად უნდა მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რა უნდა გააკეთოს, ნატო-ს წევრი ქვეყანა რომ გახდეს, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის, Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის მიერ მომზადებულ პუბლიკაციას, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები ნატო-ში გაწევრიანებისთვის აფხაზეთსა და ცხინვალთან დაკავშირებით კომპრომისს არ გამორიცხავენ.
როგორც იან კელიმ აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ქვეყანამ, რომ ნატო-ს წევრობისთვის უკეთესი კანდიდატი გახდეს.
„ვფიქრობ აქ რამდენიმე საკითხია, პირველი, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში. ცხადია, ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რა რეაქცია მოჰყვება მსგავს ნაბიჯს რუსეთის მხრიდან.
მეორე საკითხი ის არის, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მან უნდა მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რა უნდა გააკეთოს ნატოს წევრი ქვეყანა რომ გახდეს. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებებს, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამავდროულად, მხარს ვუჭერთ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, რათა ნატო-ს წევრობისთვის უკეთესი კანდიდატი გახდეს“, – იან კელი.