იან კელი - გვსურს, საქართველო წარმატებული იყოს როგორც სრულად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული, დემოკრატიული ქვეყანა
იან კელი - გვსურს, საქართველო წარმატებული იყოს როგორც სრულად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული, დემოკრატიული ქვეყანა

გვსურს, საქართველო წარმატებული იყოს როგორც სრულად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული, დემოკრატიული ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც იან კელიმ აღნიშნა, შეხვედრა ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა და მხარეებმა საკონსტიტუციო ცვლილებების, მართლმსაჯულების რეფორმისა და საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგის საკითხებზე ისაუბრეს.

“შეხვედრა ჩვენი მოთხოვნით გაიმართა. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, მოვისმინოთ სასამართლო სფეროში რეფორმის მეოთხე ეტაპის შესახებ, რადგან გვსურს, რომ დახმარება შევძლოთ, გვინდა ტექნიკური მხარდაჭერა გავუწიოთ ამ პროცესს USAID-ის საშუალებით, ასევე მივაწოდოთ ინფორმაცია იუსტიციის დეპარტამენტს, რათა დავარწმუნოთ, რომ რეფორმა ეფექტიანია. ვისაუბრეთ არჩევნების შესახებ საკონსტიტუციო შესწორებებზე. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, რამდენად დატვირთული იქნება პარლამენტი მომავალ კვირებში. დღის წესრიგში ბევრი საკითხია, მათ შორის მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები. გვსურს, საქართველო წარმატებული იყოს როგორც სრულად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული, დემოკრატიული ქვეყანა. სახალხო დამცველის პოზიცია ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ სახალხო დამცველის მუშაობა უნდა იყოს ეფექტიანი, ის უნდა იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი მთავრობისგან. მოხარული ვარ იმის მოსმენით, რომ აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოებასთან და სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილი ერთ-ერთი კანდიდატის გარშემო მხარდამჭერი ჯგუფი გაერთიანდა. მივადევნებთ თვალს მოვლენების განვითარებას და ველოდებით მიმდინარე კვირას ახალი სახალხო დამცველის დასახელებას”, – განაცხადა იან კელიმ.