იან კელი - არ ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის ჩიხში მოქცევა უნდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც, პარლამენტის თავმჯდომარესაც სურთ, განავითარონ საპარლამენტო დემოკრატია, სადაც გადაწყვეტილება კონსენსუსის მიღწევის ხარჯზე მიიღება, -ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ ფეისბუქკონფერენციის დროს განაცხადა.
შეკითხვა თებერვალში აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის ოფისის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშს შეეხებოდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ ეცდება ოპოზიციის ჩიხში მოქცევას და ძალაუფლების ინსტიტუციური შეზღუდვების შემცირებას“.
როგორც აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, არ მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის ჩიხში მოქცევა უნდა.
„მე ვერ ვხედავ შემაშფოთებელ ტენდენციას, რაც უკავშირდება ერთპარტიულ მმართველობას. არ ვთვლი, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, ჩიხში მოაქციოს ოპოზიცია. პრემიერ-მინისტრსაც, პარლამენტის თავმჯდომარესაც სურთ, რომ განავითარონ საპარლამენტო დემოკრატია, სადაც გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის მიღწევის ხარჯზე“, – აღნიშნა იან კელიმ.
ამასთან, ელჩის თქმით, ამ საკითხთან მიმართებაში მაინც არსებობს გარკვეული წუხილი.
„არსებობს გარკვეული წუხილი ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ გავიხსენებთ 2016 წლის არჩევნებს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 50 პროცენტზე მეტი მიიღო, იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება კონსტრუქციული მიდგომა. თუმცა მიმაჩნია, რომ მოსახლეობაზეც ბევრია დამოკიდებული. თქვენ უფრო აქტიურები უნდა იყოთ, უნდა შეხვდეთ პარლამენტის წევრებს, დასვათ საკითხები, მოსახლეობის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა იან კელიმ.