იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ორგანიზებით გამოცხადდა კონკურსი „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“ მოსაპოვებლად.
კონკურსის პირობებისა და ვადების შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ისაუბრა ბრიფინგზე, რომელსაც სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ხელმძღვანელი, ირმა რატიანი ესწრებოდა.
მინისტრის განცხადებით, კონკურსის მიზანია საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს); საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს; ხოლო ნომინაციაზე „საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის“ განაცხადის წარმოდგენის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს).
კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო პოეტური წიგნი (გაიცემა ერთი პრემია);
საუკეთესო პროზაული წიგნი (გაიცემა სამი პრემია);
ა) ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი;
ბ) პატარებისთვის, 7 – 12 წელი;
გ) ყმაწვილებისთვის, 13 + ;
საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი (გაიცემა ორი პრემია);
ა) ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი;
ბ) პატარებისთვის, 7 – 12 წელი;
4. საუკეთესო საბავშვო დრამატურგია (გაიცემა ერთი პრემია);
5. საუკეთესო დებიუტი (გაიცემა ერთი პრემია);
6. საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი (გაიცემა ერთი პრემია);
7. საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი (გაიცემა ერთი პრემია);
8. საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის (გაიცემა ერთი პრემია).
თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 5 000 ლარს (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გათვალისწინებით). კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, კონკურსანტმა საპროექტო განაცხადი უნდა წარმოადგინოს მხოლოდ წინა (2021) წელს წიგნად გამოცემული ნაწარმოების შესაფასებლად.
კონკურსანტმა ნაწარმოები უნდა წარმოადგინოს როგორც ელექტრონული ფორმით, ისე ნაბეჭდი წიგნის სახით სამ ეგზემპლარად სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ოფისში (მისამართი: ვ. დოლიძის # 28), ხოლო ნომინაციაში „საუკეთესო საბავშვო დრამატურგია“ და „საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი“ კონკურსანტს მიეცემა შესაძლებლობა, პიესები და ინოვაციური პროექტები წარმოადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით ელ. ფოსტაზე – [email protected];
საპროექტო განაცხადები მიიღება 2022 წლის 5 აპრილიდან 30 მაისის 18:00 საათამდე. კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება 2022 წლის ოქტომბერში.
საკონკურსო პირობები და ფორმულარები მოცემულია შესაბამის ბმულზე.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ორგანიზებით აღნიშნული კონკურსი მეორედ ცხადდება. 2021 წელს, კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ რვა ნომინაციაში და გაიცა ცხრა პრემია. გამარჯვებულთა საზეიმო ცერემონიას თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულმა ცენტრმა უმასპინძლა.
ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.