იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრათ, ზურაბ ჯაფარიძეს კი 2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „გირჩის“ წევრებს იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა, ხოლო ზურაბ ჯაფარიძეს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
გუშინ დაკავებულ იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. იგივე მუხლი წარუდგინეს დღეს ზურაბ ჯაფარიძესაც.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მ.ს. ნარკოტიკებს ასაღებდა. შესაბამისი საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით, ის თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე შეაჩერეს. პოლიციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ წევრებმა, რის შემდეგაც „გირჩის“ წევრები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი დააკავეს.
ამასთან, ადმინისტრაციული საქმის წარმოება დღეს ზურაბ ჯაფარიძის მიმართაც დაიწყო. მას სამართალდამცველები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე და 173–ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ. ჯაფარიძე დაკავებული არ ყოფილა.