იაგო ხვიჩია - ზურაბიშვილი რაღაც როლშია, სცენარიც თვითონ მოიფიქრა და აიყოლია სხვა მსახიობები, რომლებიც პერმანენტულად აკითხავენ, კარგი სასახლე აქვს, კარგ ფართებს აწყობენ და ჭორაობა უხარიათ
სალომე ზურაბიშვილი რაღაც როლშია, რომლის სცენარიც თვითონ მოიფიქრა და აიყოლია სხვა მსახიობები, რომლებიც მას პერმანენტულად აკითხავენ, უცნაურ საკითხებზე მსჯელობენ, რომლის შედეგადაც არაფერი იცვლება და ყველაფერი იგივენაირად გრძელდება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრები პოლიტიკური აქტორებისგან წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზებას ემსახურება.
„ადამიანებს თავიანთი გართობა აქვთ მოწყობილი, ვიდრე პრეზიდენტია, ცოტ ხანი ჯერ კიდევ დარჩენილია, კარგი სასახლე აქვს, კარგ ფართებს აწყობენ და ერთმანეთთან ჭორაობა უხარიათ. გარეთ ხვდებიან ჟურნალისტებიც, უსვამენ კითხვებს, თითქოს ეს ხალხი რამე საქმეზეა შეკრებილი და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, თავადაც მნიშვნელოვან ადამიანებად გრძნობენ თავს და საკუთარ ჭიას მეტად ახარებენ. ეს შეხვედრები ემსახურება პრეზიდენტის მხრიდან საკუთარი ჭიის გახარებას, ხოლო დანარჩენი პოლიტიკური აქტორებისგან წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზებას, იქნებ ხალხმა პრეზიდენტის ხათრით და სიყვარულით მაინც დაუჭიროთ მხარი, როგორც პრეზიდენტის დამჯერ ადამიანებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიას განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის ქარტიის და მათი ხელმომწერთა მიზანია „ძირითადად საზოგადოების წინაშე გაპრანჭვა და უსაქმურ თემებზე საუბარი“.
„საქმიან თემაზე როგორც კი დაიწყება საუბარი, პირველივე შემთხვევაში ქარტიის ხალხი დაიშლება. მაგალითად, როდესაც საქმიანი თემა იყო, კოალიციურად გავიდეთ თუ არა არჩევნებზე, არაფერი გამოვიდა. შედარებით საქმიანი თემაა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე შეთანხმება, მაგრამ აქედან გამომდინარე მგონია, რომ არც ეს გამოვა, იტყვიან, არჩევნების შემდეგ ხალხმა გადაწყვიტოსო. მოგეხსენებათ, ქარტიის ხელმომწერები ქარტიის მიმართ ისეთივე გრძნობებით არ არიან გამსჭვალული, როგორც მანამდე იყვნენ. ამას წინათ გახარიამ თქვა, ამას დიდ ყურადღებას მაინც და მაინც ნუ მიაქცევთო. ყველას უნდა დაავიწყდეს მათი ხელმოწერა, მაგრამ რთულია, წინასაარჩევნოდ რამე დაგავიწყდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ამასთან, იაგო ხვიჩიამ გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით აღნიშნა: „გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილს სულ უთმობდა პრემიერ-მინისტრობას და სიმართლე რომ ვთქვათ, სხვას არც უნდა დაუთმოს. მიშას გარდა, ვაშაძე ვისზე ნაკლებია, ვინც მაგ ხალხიდან პრემიერ-მინისტრობის მოჩვენებას ებღაუჭება“.