იაგო ხვიჩია - ზელენსკისგან ქართველი ხალხის გულშემატკივრობა მოვისმინე, მგონია, რომ მისი განცხადება სოლიდარულია
მგონია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარულია და არა ის, რომ ჩვენი და ლუკაშენკოს რეჟიმი იგივეა, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ხვიჩიას თქმით, უკრაინის პრეზიდენტისგან ქართველი ხალხის გულშემატკივრობა მოისმინა.
„ზელენსკისგან ქართველი ხალხის გულშემატკივრობა მოვისმინე, თუნდაც იმ გაგებით, რომ მოყვარეს პირში უძრახო. მგონი, ზუსტად ეს ნაწილი იყო, რაც ჩვენ არ მოგვეწონა, როცა რაღაცნაირი პარალელი გაივლო ბელარუსთან. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველო ბელარუსია, მაგრამ სიტუაციურად, რაღაც თვალსაზრისით, ჩვენ არ ვართ უკრაინის მხარეს და ეს გასაგებია. საქართველო დასავლურ ინტეგრაციას იმსახურებს და ეს თქვა ზელენსკიმ. მან აღნიშნა ისიც, რომ უკრაინას თუ არ აქვს ნატო-ში მიღების გარანტია, მაშინ ისეთ ქვეყნებსაც ვერ ექნება, როგორიც ჩამოთვლილი იყო. ეს განცხადება თავისი შინაარსით უფრო მეტად იყო გულშემატკივრის პოზიცია, რომ საქართველო იმსახურებსო. მგონია, რომ კრიტიკული ნაწილი არ უნდა გაგვიკვირდეს მებრძოლი ადამიანისგან, რომელიც ჩვენგან სათანადო მხარდაჭერას ვერ პოულობს. ამიტომ ეს განცხადება არ მწყინს. მგონია, რომ ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარულია და არა ის, რომ ჩვენი და ლუკაშენკოს რეჟიმი იგივეა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა: „ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და რომელსაც არ სურს, რუსეთმა ის გახლიჩოს, უნდა იყოს ევროკავშირის და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი. არსებობს ორი ალტერნატივა, ღია ომი ან მცოცავი რუსული ოკუპაცია. ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ უკრაინას არ გაუგია კონკრეტული პოზიტიური პასუხი გაწევრიანებაზე“.