იაგო ხვიჩია - გასაგები იყო, რომ „ენჯეოშნიკები“ ქულას არ დამიწერდნენ, ისინი ჩემი მტრები არიან, სტუდენტებს რომ ვაფასებდი, ბევრად გასაგებად ვწერდი, რატომ ვუწერდი ნიშანს და ახსნა-განმარტებასაც ვაყოლებდი
ყველასთვის გასაგები იყო, რომ „ენჯეოშნიკები“ ქულას არ დამიწერდნენ, ჩემს შემფასებლად ვერ გამოდგებოდნენ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა და სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ კომისიის შეფასების კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, კომისიას შეფასების კრიტერიუმებზე უხარისხოდ აქვს ნამუშევარი.
„მთავარი შეცდომა, რაც ამ ადამიანების შერჩევის დროს დავუშვით, არის ის, რომ უხელფასოდ ვამუშავეთ. შეფასების კრიტერიუმები რომ ნახოთ, მიხვდებით, რა უხარისხოდაა ნამუშევარი, რადგან ეს სამუშაო ანაზღაურებადი არ იყო. ისინი ჩემი მტრები არიან და შესაბამისად, მე მათგან მეგობრობას არ ველოდები. ამიტომ თავისთავად ცხადი იყო, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ ერთმანეთს და არა მათ კონკურენტს.
სტუდენტებს რომ ვაფასებდი უნივერსიტეტში, ბევრად გასაგებად ვწერდი, რატომ ვუწერდი ნიშანს და ახსნა-განმარტებასაც ვაყოლებდი. ხალხმა სახალხო დამცველობის კანდიდატები შეაფასა და შეფასების ფურცლებში რა ახსნა-განმარტებები უწერიათ. მსგავსი სამარცხვინო რამ სადმე წაგიკითხავთ? იმ არგუმენტების განხილვა, რის გამოც ნიშნებს წერ, ნებისმიერ სერიოზულ დისკუსიაში არასერიოზულია. ასე სტუდენტებს არ ვუწერ ნიშანს, მაგრამ ვინაიდან ეს საქმიანობა უსასყიდლოდ ხორციელდებოდა, მაინც მადლობა უნდა ვუთხრათ იმ ხალხს, დრო რომ დახარჯეს.
ეს სრულიად ფორმალური ორგანო იყო. ამ ხალხის გადაწყვეტილებას არანაირი შინაარსი არ აქვს და მათ ნამუშევრებსაც ეტყობათ. მთავარია, ჩემი კოლეგები რას გადაწყვეტენ. მას შემდეგ, რაც ეს კამპანია დავიწყე, სულ ჩემი კოლეგების იმედი მქონდა. ჩემ გარდა, ვერ წარმომიდგენია, კონსენსუსი შედგეს სხვა რომელიმე კანდიდატზე. ჩემს შემთხვევაში მომხდარა ასეთი რამ, რაც ამის თქმის საფუძველს მაძლევს, თორემ ახლანდელი პოლიტიკური პროცესი კონსენსუსის მოლოდინის საშუალებას არ იძლევა. მაინცდამაინც არც არავის უნდა კონსენსუსის მიღწევა. ვნახოთ, პროცესით გავერთოთ. თუ შანსი არ მაქვს, ისეთი თამაში არ მიყვარს. მჯერა, შანსი არსებობს.
რაც შეეხება საკითხს, რატომ მაქვს ჩემი კოლეგების იმედი, მათთვის მე ყველაზე კარგი არჩევანი ვარ. ჩვეულებრივი გარემო რომ იყოს და სხვა რაღაცები ხელს არ გვიშლიდეს, ჩემი კოლეგები რომ იყვნენ აქ და ეკითხებოდეთ, სახალხო დამცველად ვინ გირჩევნიათო, დიდი უპირატესობით მე გავიმარჯვებდი. იმედი მაქვს, ეს დარბაზშიც გამოჩნდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა სახალხო დამცველობის კანდიდატების ცხრაკაციანმა შემფასებელმა კომისიამ ომბუდსმენობის 19 კანდიდატი შეაფასა. როგორც ცნობილია, კომისიამ ყველაზე მაღალი ქულები არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებულ კანდიდატებს დაუწერა.