იაგო ხვიჩია - ადგილობრივი არჩევნები გამოვიყენოთ, როგორც პლებისციტი, თუ მოიგო ოპოზიციამ, დაინიშნოს ახალი არჩევნები, თუ ვერ მოიგო, დავანებოთ თავი ვადამდელ არჩევნებზე ზრუნვას
იაგო ხვიჩია - ადგილობრივი არჩევნები გამოვიყენოთ, როგორც პლებისციტი, თუ მოიგო ოპოზიციამ, დაინიშნოს ახალი არჩევნები, თუ ვერ მოიგო, დავანებოთ თავი ვადამდელ არჩევნებზე ზრუნვას

ჩვენ გვინდა პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით და ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი არჩევნები გამოვიყენოთ, როგორც ერთგვარი პლებისციტი.თუ მოიგო ოპოზიციამ, დაინიშნოს ახალი არჩევნები, თუ ვერ მოიგო, მაშინ დავანებოთ თავი ვადამდელ არჩევნებზე ზრუნვას, რადგან გამოვა, რომ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ასევე, ხვიჩიას თქმით, „გირჩისთვის“ ცესკო-ს ადმინისტრაციის რეფორმა, მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ამას ყოველთვის ვაღიარებდით, ისევე როგორც დანარჩენი პოლიტიკური ძალები. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იყოს პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივ დონეზე. ჩვენ ეს მოთხოვნა გვაქვს და გვინდა, დაველაპარაკოთ არა მხოლოდ ალეკო ელისაშვილს, არამედ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ხელისუფლებასაც, თუ რა კონტრარგუმენტი აქვთ მათ ჩვენს შეთავაზებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით და ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი არჩევნები გამოვიყენოთ, როგორც ერთგვარი პლებისციტი, რომელსაც ითხოვდა ოპოზიცია ახალი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. თუ მოიგო ოპოზიციამ, დაინიშნოს ახალი არჩევნები, თუ ვერ მოიგო, მაშინ დავანებოთ თავი ვადამდელ არჩევნებზე ზრუნვას, რადგან გამოვა, რომ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „მოქაალაქეებისა“ და „გირჩის“ წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს. როგორც „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ შეხვედრა დღეს პირველად იმართება, სადაც ისინი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხს განიხილავენ, რომელიც პარლამენტში შესვლას და არჩევნების საკითხს შეეხება.