იაგო ხვიჩია - ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოების ცერემონიალები მისი გათავისუფლების მიზანს ემსახურება
„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა მისი გათავისუფლების მიზანს ემსახურება.
„წარმოდგენა არ მაქვს, სააკაშვილი რითი ჯილდოვდება. მგონია, რომ მისი დაჯილდოების ცერემონიალები მისი გათავისუფლების მიზანს ემსახურება, ეს რამდენად წარმატებულია, სხვა საკითხია. ალბათ ყველა ადამიანი თავისუფლებისთვის იბრძვის და როგორც ჩანს, დამჯილდოვებლებიც თავისუფალი ხალხია. მიხეილ სააკაშვილს როგორც თავისუფლებისთვის შეიძლება ჰქონდეს ნაბრძოლი, არანაკლებად აქვს ნაბრძოლი ადამიანების თავისუფლების შეზღუდვისთვისაც, მე მას ამ ჯილდოს არ გადავცემდი, მაგრამ სხვის თავში არ ვზივარ. მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი სააკაშვილის ციხიდან გამოყვანის კამპანიაა“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ლეხ კაჩინსკის სახელობის „პრომეთეს ჯილდო“ გადასცეს. როგორც დაჯილდოების ორგანიზატორები აცხადებენ, სააკაშვილს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა ჯილდო. მიხეილ სააკაშვილის ჯილდო პოლონეთში გიული ალასანიას გადაეცა.