იაგო ხვიჩია - ვფიქრობ, დღევანდელი მოვლენები არის გაგრძელება იმ კონცერტის, რომელიც აწყობს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას
ჩემი აზრით, ეს არის გაგრძელება იმ კონცერტის, რომელიც ვიცით, რომ აწყობს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას. რაღაცნაირად არსებითი საკითხების ნაცვლად, რაც ამ ქვეყნის მოქალაქეებს აწუხებთ, თემა უნდა გადავიდეს როგორც ადრე იყო შესვლა-არშესვლაზე, ახლა გასვლა-არგასვლაზე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ დღეს პარლამენტში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საბოლოო ჯამში მთელი პროცესი სანახაობაზეა ორიენტირებული.
„თემის გადასვლა სურთ ასეთი ტიპის ივენთებზე და არა კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც ადამიანებს აწუხებთ და რეალურად გადასაჭრელია. მათ შორის ის საკითხი, რის გამოც ამდენი ჩხუბია ატეხილი. მე დავარქმევდი რაღაცნაირად ქოცურ-ნაცურ კატათაგვობანას. საბოლოო ჯამში მთელი პროცესი სანახაობაზეა ორიენტირებული. მთავარია, შენ ისეთი სანახაობა მოაწყო, რომ ადამიანებმა სხვა თემებზე საუბარი ვერ შეძლოს, სხვა თემებზე საუბარი იყოს არაადეკვატური. ახლა, ასეთ დროს რომ ილაპარაკო ამნისტიის თემაზე, გახდება არაადეკვატური“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.