იაგო ხვიჩია - უნდა გვესმოდეს, რომ საბოლოოდ ვინც იქნება მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზი, მათ პატივი არ სცეს ჩვენს პარტნიორებს
ხელისუფლება მიდრეკილია მოლაპარაკებების ჩაშლისკენ, დიდი ხნის განმავლობაში ის ხელოვნურად აჭიანურებდა პროცესს და ბოლოს ეს დაამთავრა იმით, რომ ფასილიტატორ ელჩებს, ზოგადად, ამერიკის სახელმწიფოს მიაყენა შეურაცხყოფა, როცა დაემუქრა მოლაპარაკების მაგიდასთან მჯდომ მთავარ ოპოზიციურ პარტიას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, ამავდროულად, არც ოპოზიციური პარტია და მისი მხარდამჭერები ჩამორჩნენ და ელჩების მიმართ ზღვარგადასული კრიტიკა ისმის.
იაგო ხვიჩიას განმარტებით, შექმნილ ვითარებაში ახლა მთავარი არის სწორედ ის, რომ შეგნებულად ხდება მოლაპარაკების პროცესის ჩიხში შეყვანა.
„სინამდვილეში, პრობლემა მდგომარეობს არა იმაში, ვინ რა ჩაასწორა, არამედ იმაში, რომ ხელისუფლება მიდრეკილია მოლაპარაკებების ჩაშლისკენ, დიდი ხნის განმავლობაში ის ხელოვნურად აჭიანურებდა, აფერხებდა მოლაპარაკების პროცესს და ბოლოს ეს დაამთავრა იმით, რომ ფასილიტატორ ელჩებს, ამერიკის სახელმწიფოს ზოგადად მიაყენა შეურაცყოფა იმით, რომ დაემუქრა მოლაპარაკების მაგიდაზე მჯდომ მთავარ ოპოზიციურ პარტიას, თავის მხრივ არც ოპოზიციური პარტია და მისი მხარდამჭერები ჩამორჩნენ და ჩვენ ფაქტობრივად ვისმენთ ელჩების ზღვარგადასულ კრიტიკას, ერთადერთი ინსტიტუციის, რომელიც ქვეყანაში მუშაობს. ფაქტობრივად, გამოვიდა ისე, რომ ხელისუფლება ამერიკის სახელმწიფოს თანდასწრებით აშინებს, დაშლით ემუქრება პოლიტიკურ ოპონენტებს, ხოლო პოლიტიკური ოპონენტები და მათი მხარდამჭერები ლანძღავენ ამერიკის ელჩს.
ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და მიგვაჩნია, რომ შეგნებულად ხდება ამ მოლაპარაკების პროცესის ჩიხში შეყვანა, ეს არის მთავარი ამბავი, არა ის, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ რა ჩაასწორა. მოლაპარაკება ჩიხში შესულია იმის გამო, რომ ფასილიტატორებს პატივს არ სცემენ ხელისუფლება და ოპოზიცია, ხოლო ჩვენ – დანარჩენი პარტიები უბრალოდ ვიჭყლიტებით ამ ყველაფერში და თან გვინდა, რომ ჩვენი სახელით არ ხდებოდეს არანაირი ელჩების შეურაცხყოფა. საბოლოო ჯამში, ვისაც დაბრალდება ამ მოლაპარაკების ჩაშლა და ვინც იქნება ამის მიზეზი, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მათ პატივი არ სცეს ყველაზე დიდ მეგობრებს – ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.