იაგო ხვიჩია - უკრაინის საკითხზე მხარდამჭერი რეზოლუციის შემუშავების პროცესმა უბრალოდ, სერიოზულობა დაკარგა და ამიტომ გამოვეთიშეთ
რეზოლუციის შემუშავების პროცესმა უბრალოდ, სერიოზულობა დაკარგა და ჩვენ ამიტომ გამოვეთიშეთ, – ასე უპასუხა „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რატომ გაემიჯნა „გირჩი“ უკრაინის საკითხზე მხარდამჭერი რეზოლუციის შემუშავების პროცესს.
„ასეთი, არც სოლიდარობა სჭირდება ვინმეს ჩვენგან და ასეთი ტიპის ვითომ გაერთიანება, არც შიდა ადამიანური ურთიერთობებისთვის არ არის შედეგის მომტანი. თუ მართლა შეთანხმება გვინდოდა და თუ მართლა გვინდოდა, მეგობარი ქვეყნის გასაჭირის წინაშე რაღაც ტიპის ერთიანობა დაგვეფიქსირებინა, ამის შანსი არსებობდა, მაგრამ დავინახე, რომ ეს ფაქტობრივად, ძალით ჩაშალეს. „ქართულ ოცნებას“ უნდოდა, მისი ტექსტი ერთპარტიული ყოფილიყო”, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისი თქმით, სინამდვილეში, მიზანი არის არა უკრაინის მიმართ სოლიდარობა, არამედ ის, ვინ აღმოჩნდეს გამარჯვებული ქართველი ტელემაყურებლის წინაშე, ვინ უფრო მჭევრმეტყველია და ვის უყვარს ნაკლებად უკრაინა.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მიერ დილით წარმოდგენილი ტექსტი და გუშინ საღამოს წარმოდგენილი ტექსტი ორადორი რამით განსხვავდებოდა.
„ერთ ტექსტში ეწერა სიტყვა – რუსეთის ფედერაცია და მეორე ტექსტში ყველაფერი იგივე ეწერა, უბრალოდ, სიტყვა – რუსეთის ფედერაცია არ ეწერა”, – განაცხადა ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიამ უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გადაცემის ეთერით დააფიქსირა.
„თქვენი ეთერის მეშვეობით დავაფიქსირებ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ. პოზიციასაც დავაფიქსირებ, რომ ეს ხალხი არის თავისუფლებისთვის მებრძოლი, ახლა და თავისუფლები ფრონტის ხაზი იქ გადის და ის ჩვენს სოლიდარობას იმსახურებს”, – განაცხადა ხვიჩიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მისი პროგნოზით, რით დასრულდება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე კონსულტაციები, ხვიჩიამ განაცხადა, რომ ამის პროგნოზირებას ვერ გააკეთებს.
„ჯერჯერობით, გაურკვეველია, ვინ შემოდის, რა ხასიათით შემოდის და რისთვის შემოდის. ჯერ, თვითონ ვერ გაურკვევიათ და მე რომ რაღაც პროგნოზი გავაკეთო, მაგის უფლებას თავს ვერ მივცემ”, – განაცხადა ხვიჩიამ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამ გამოიწვია საზოგადოებაში ზოგადად ოპოზიციის მიმართ არსებული ნიჰილიზმი, რასაც NDI-ის კვლევებიც ადასტურებს, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, პოლიტიკურმა პროცესებმა სერიოზულობა დაკარგა, რადგან ოპოზიციას საერთო იდეა არ აქვს, ისევ კომპასის გარეშე მოძრაობს და სტრატეგია ორიენტირებულია არა რომელიმე კონკრეტული შედეგის მიღწევაზე, არამედ მოწინააღმდეგის ეფექტურად გალანძღვაზე, ან საკუთარი მჭევრმეტყველების წარმოჩენაზე, რაც ადამიანებს მობეზრდათ.
„მე ძალიან გული მწყდება. ისე გამოდის, ჩემდა უნებურად, მეც ვმონაწილეობ ამ პროცესში, მაგრამ ჩანს, რომ პოლიტიკურმა პროცესმა ადამიანებში სერიოზულობა დაკარგა. ამას ადამიანები ისე უყურებენ, ადრე, საღამოს ფეხბურთს რომ უყურებდნენ, ან გასართობ გადაცემას. პოლიტიკურ ცხოვრებას ისე უყურებენ, როგორც გასართობ შოუს, ერთგვარ რეალითი-შოუს. იმიტომ, რომ პოლიტიკური პროცესი, რომელიც ტელევიზორში მიდის, საერთოდ აცდენილია რეალობას და ეს არის რაღაც სერიალი. ანუ, ალტერნატიული რეალობაა შექმნილი და საქართველოს მოქალაქეები ამ დაუსრულებელ „სანტა ბარბარას“ უყურებენ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.