იაგო ხვიჩია - როდესაც ომი დამთავრდება და უკრაინა გაიმარჯვებს, გვექნება საშუალება, შევხვდეთ და გავარკვიოთ, რა ხდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში
კრიტიკა საკუთარ თავზე არ მიმიღია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წარმომადგენელიც მონაწილეობდა ამ ვიზიტში. ჩვენ არ გამოგვიფენია ფოტოსურათები. ეს კამპანია არ გვიწარმოებია, – ასე უპასუხა „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ შეკითხვას, რომელიც საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიას გუშინდელ განცხადებას ეხებოდა.
საუბარია განცხადებაზე, სადაც არახამია ამბობს, რომ შთაბეჭდილება დარჩა, საქართველოდან სამთავრობო დელეგაცია უკრაინაში ბუჩას ფონზე ფოტოების გადასაღებად ჩავიდა.
იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ სრულად ლეგიტიმურია, ასეთი კამპანია ვიღაცას არ მოეწონოს და თავისი მოსაზრება გამოთქვას. „ვფიქრობ, სრულიად ლეგიტიმურია, ასეთი კამპანია ვიღაცას არ მოეწონოს და ამის შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიამ საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც ომი დამთავრდება, ყველას ექნება შესაძლებლობა, დაელაპარაკონ უკრაინულ მხარეს და გაარკვიონ, რა ხდებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.
„დანარჩენ საკითხებს რაც შეეხება, ვფიქრობ, ახლა ამის გარჩევისა და ამაზე საუბრის დრო არ არის არც ხელისუფლებისგან, არც ჩემგან. როდესაც ომი დამთავრდება და უკრაინა გაიმარჯვებს, ჩვენ, ყველას გვექნება საშუალება, შევხვდეთ, დავილაპარალოთ და გავარკვიოთ, რა ხდებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ვიდრე ეს მოხდება და საქართველოში ელჩი არ არის დანიშნული უკრაინიდან, ეს ნებისმიერ შემთხვევაში არის „ქართული ოცნების“ არასწორი პოლიტიკის შედეგი, რაც უნდა გამოსწორდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩაიმა.
კითხვაზე: „ვიზიტის შემდეგ, როდესაც გაუგებრობა ნაწილობრივ გაირკვა, რამდენად სწორად მიგაჩნიათ უკრაინის მხრიდან მსგავსი განცხადებები“, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, ვიდრე უკრაინა ომის მდგომარეობაშია, არ აქვს უფლება, გააკრიტიკოს უკრაინის წარმომადგენლები.
„უკრაინა ომში იმყოფება, უკრაინელ პოლიტიკოსებთან არ მაქვს ურთიერთობა. არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვთ. ზოგადად, არ ვიცი, ბევრი რამ, რომელიც შეიძლება, ხდებოდეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში. შესაბამისად, ჩემს ხელთ არსებული ცოდნით, არ მაქვს უფლება, გავაკრიტიკო უკრაინის წარმომადგენლები და გითხრათ, რომ მათი კრიტიკა არასამართლიანია. ამისთვის ბევრი ინფორმაციაა საჭირო, მაგრამ ჯერჯერობით კრიტიკის მიზეზები უნდა ვეძებოთ საკუთარ თავში. ამით უნდა დავიწყოთ, ღიად უნდა იყოს ამაზე საუბარი. ყველა ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო და ამის შემდეგ ვისაუბროთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.