იაგო ხვიჩია - უაზრო შიმშილობებისა და ვითომ სააკაშვილის დამცავი აქციებისგან განსხვავებით, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაში დასახმარებლად ლობისტების დაქირავება სწორი ნაბიჯია
„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად ლობისტების დაქირავების გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯია.
იაგო ხვიჩიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სახარბიელო არ არის და ამის აღიარება ხელისუფლებასაც მოუწევს.
„ვფიქრობდი, ამას „ნაციონალური მოძრაობა“ აქამდეც გააკეთებდა, რადგან უკეთესში რაში უნდა დაგეხარჯა ფული, ვიდრე ისეთი ტიპის ლობისტების დაქირავებაში, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაში დაგეხმარებოდნენ. ეს სწორი ნაბიჯია, უაზრო შიმშილობებისა და სხვადასხვა ტიპის, ვითომ მიხეილ სააკაშვილის დამცავი, აქციებისგან განსხვავებით“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, სააკაშვილის ციხეში ჯდომა პოლიტიკურად აზიანებს საქართველოს 12 პუნქტის შესრულების საკითხში.
„ცოტა სკეპტიკური ვარ, როდესაც მეუბნებიან, რომ დასკვნაში წერია, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი რაღაცები არსებობს და ამ დროს ადამიანი ცოცხალია. აქედან გამომდინარე, გამიჭირდება ასე თქმა. რამდენიმე თვის წინ პირადადაც ვნახე სააკაშვილი და არ მგონია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელოა. ამიტომაც მოვუწოდებდით პოლიტიკურ ძალებს, რომ რაღაცნაირად მაგიდაზე დადებულიყო მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი, 12 პუნქტის შესრულების სანაცვლოდ. არ ვარ ექიმი და ჩემს მსჯელობას ჯანდაცვის არგუმენტს ვერ დავამყარებ. მე პოლიტიკურად შემიძლია ვთქვა, რომ სააკაშვილის ციხეში ჯდომა პოლიტიკურად გვაზიანებს 12 პუნქტის შესრულების საკითხში. მე მინდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ ქვეყნის მომავალი არ გადავაყოლოთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გუშინ განაცხადა: „მივიღე ინფორმაცია, რომ გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს ლობისტურ კომპანიასთან, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, გაუწიოს პიარკამპანია სააკაშვილის გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით“.