იაგო ხვიჩია - არჩევნები იმ თვალსაზრისით გაყალბდა, რომ ამომრჩევლის ნება არ იყო თავისუფალი
იაგო ხვიჩია - არჩევნები იმ თვალსაზრისით გაყალბდა, რომ ამომრჩევლის ნება არ იყო თავისუფალი

თვითმმართველობის არჩევნები თავისი შინაარსით ყველაზე მეტად არის გაყალბებული სხვა არჩევნებს შორის, ოღონდ, არა იმით, რომ საბუთები გადააკეთეს და ოქმი გაყალბდა, არამედ იმით, რომ ისეთი გარემოება იყო, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წინა დღეს „ტრიუკი“ ჩაატარა – მიხეილ სააკაშვილი ჩამოგვიყვანა, აგვიფრიალა და ციხეში ჩასვა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიამ აღნიშნული კომენტარი გააკეთა საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით ევროპარლამენტართა ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას.

„არჩევნები იმ თვალსაზრისით გაყალბდა, რომ ამომრჩევლის ნება არ იყო თავისუფალი. წინა დღეს რომ ჩამოგიყვანენ იმას, ვისაც ამდენი ხანი ებრძვიან, ეს არჩევნების იდეალურ გარემოში ჩატარების შესაძლებლობას ვერ მოახდენს. თუმცა ამ არგუმენტებს ვერც ერთ ჩვენს დამკვირვებელს ვერ გავაგებინებთ, ეს არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება და „ქოცებს“ 2023 წლამდე ლეგიტიმაციის პრობლემა ვერ ექნებათ, მათ ამაში „ნაცები“ დაეხმარათ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ევროპარლამენტართა ჯგუფმა საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ – ევროკავშირის მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, 2 ოქტომბერს კონკურენტუნარიანი და კარგად ორგანიზებული ადგილობრივი არჩევნები ჩაატარა.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის, და ძირითადი ყურადღება ადგილობრივი საკითხებიდან ეროვნულ საკითხებზე იყო გადატანილი.