იაგო ხვიჩია - თუ რეალურია პირობა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგის მიხედვით გადავწყვიტოთ ვადამდელის დანიშვნა, ამისთვის პარლამენტში შესვლა ღირს, მარტო მე კი არა, უნდა შედიოდეს მთელი ოპოზიცია
„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მათი სურვილია, შეიცვალოს საქართველოს კონსტიტუცია იმ ნაწილში, რომ საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერი იყოს არა 5 პროცენტი, არამედ ბუნებრივ ბარიერთან მიახლოვებული.
„ახლა რომ ჩატარებულიყო არჩევნები იმ წესით, როგორც ჩვენ 2024 წელს გველოდება, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იქნებოდნენ მარტო პარლამენტში. ჩვენ გვინდა, ეს შეიცვალოს და მივიღოთ სამართლიანი საარჩევნო სისტემა, ამას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება, საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭიროა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნა, მთავარი ოპოზიციური ძალის, ამ არჩევნების შედეგად გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა, მივაღწიოთ შეთანხმებას ხელისუფლებასთანაც და „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“, რომ პარლამენტში მოხდეს ის, რაც ჩვენ გვინდა. ამისთვის ღირს პარლამენტში შესლა. დიდი ხანია, ჩვენ ამას ვიძახით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ამასთან, ხვიჩია მიიჩნევს, რომ თუ რეალისტურია პირობა, რომ თვითმმრთველობის არჩევნების შედეგის მიხედვით გადაწყდეს, ინიშნება თუ არა ვადამდელი არჩევნები, ამისთვის პარლამენტში შესვლა ღირს.
„გუშინ რაც ითქვა და რაც არ უარყო ბატონმა კობახიძემ, მე ძალიან მომწონს, მგონია, რომ თუ ეს მართალია, ამისთვის პარლამენტში შესასვლელია. მარტო მე კი არ უნდა შევდიოდე, უნდა შედიოდეს მთელი ოპოზიცია, მარტო ჩემს შესვლას აზრი არ აქვს. ამიტომ მოლაპარაკებები დავიწყოთ, რეალური არის თუ არა, მართლა დევს თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან ასეთი გამოსავალი – თვითმმართველობის არჩევნების შედეგის მიხედვით გადავწყვიტოთ, ვნიშნავთ თუ არა ვადამდელ არჩევნებს.
თუ წააგო ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნები და ითხოვ ვადამდელ არჩევნებს, ესეიგი, გამოდის, რომ კიდევ წაგება გინდა და ბიძინას უხანგრძლივებ ბატონობის დროს. პირობა, რომ იმ შემთხვევაში იყოს ვადამდელი არჩევნები, თუ ადგილობრივი არჩევნები ხელისუფლებამ წააგო, მე მგონია, არის სამართლიანი და მგონია, ისეთი პირობაა, რომლის რეალობის შემთხვევაში, ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს ამ პირობის აღებაზე და მის თავის სასიკეთოდ გამოყენებაზე“, – განაცხადა ხვიჩიამ.
რაც შეეხება კითხვას, „თუ ეს პირობა იქნება, შეხვალთ პარლამენტში?“, ხვიჩია პასუხობს: „მოვუწოდებ „ნაციონალლურ მოძრაობას“, შევიდეს ჩემთან ერთად პარლამენტში. მარტო ჩემი შესვლა რომ შველოდეს, რა თქმა უნდა, შევიდოდი, მაგრამ არ ყოფნის, სჭირდება „ნაციონალური მოძრაობა“, მთავარი ოპოზიციური ძალა, მე მომწონს თუ არა ეს ფაქტი. შესაბამისად, მათ უნდა ვთხოვო და მგონია, რომ იქ არიან პატრიოტი ადამიანები, რომლებიც ასეთ შანს ამ ქვეყნისთვის ხელიდან არ გაუშვებენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.