იაგო ხვიჩია - თუ გინდა, იყო ღირსი, მართო ქართველი ხალხი არაკოალიციურად, 40 პროცენტი მაინც უნდა გქონდეს, გვინდა, ხელისუფლებას ეს შევთავაზოთ
იაგო ხვიჩია - თუ გინდა, იყო ღირსი, მართო ქართველი ხალხი არაკოალიციურად, 40 პროცენტი მაინც უნდა გქონდეს, გვინდა, ხელისუფლებას ეს შევთავაზოთ

ერთი კონკრეტული პარტიის შეთავაზება არ არის, ოპოზიციის წარმომადგენლები ერთად სხედან და ფიქრობენ, როგორ იპოვონ გამოსავალი, როდესაც ხელისუფლებაც გაჯიუტებულია და თან არ ჩანს გასაგები მომავალი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრაში მონაწილეობდა.

მისი თქმით, არსებული საარჩევნო სისტემა უსამართლოა.

„ჩვენ, როგორც კონსტრუქციული ძალა, ვფიქრობთ ისეთ გამოსავალზე, რომელიც მისაღები იქნება ყველასთვის. არსებული სისტემა არის უსამართლო. იმისთვის, თუ შენ გინდა არაკოალიციური მმართველობა, ანუ ამის ღირსი იყო, შენ მართო ქართველი ხალხი არაკოალიციურად, უნდა გქონდეს სულ მცირე, 40 პროცენტი მაინც. გვინდა ეს შევთავაზოთ, ეს ავუხსნათ ჩვენს პარტნიორებსაც და „ქართულ ოცნებასაც“. ზოგადად, ალბათ საერთო აზრი მივა აქამდე. დღეს ზოგიერთმა პარტიამ დრო ითხოვა, რომ მათ საკუთარი გუნდის შიგნით შეათანხმონ, მაგრამ სამართლიანი გვგონია ამ გამოუვალ სიტუაციაში ხელისუფლებას შევთავაზოთ, რომ მათ დასჭირდებათ ხმების 40 პროცენტი აიღონ, რათა უმრავლესობა დააკომპლექტონ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, მისი თქმით, ოპოზიცია მაჟორიტარებზე უნდა შეთანხმდეს.

„ამაზე ჩვენ ჯერ პოზიცია არ გვაქვს, არც სხვისი არ მოგვისმენია, მაგრამ ვიქნებით მოქნილი და ელასტიური ამ ნაწილში, არ შევქმნით პრობლემას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.