იაგო ხვიჩია - თავდაცვის კოდექსი იმდენად ამორალურია როგორც ქართული ჯარის, ასევე ახალგაზრდების წინაშე, მორალური ლეგიტიმაცია გვაქვს, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს ვერ მიიღოს
იაგო ხვიჩია - თავდაცვის კოდექსი იმდენად ამორალურია როგორც ქართული ჯარის, ასევე ახალგაზრდების წინაშე, მორალური ლეგიტიმაცია გვაქვს, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს ვერ მიიღოს

იმდენად ამორალური კანონია როგორც ქართული ჯარის, ასევე ახალგაზრდების წინაშე, ჩვენ სრული მორალური ლეგიტიმაცია გვაქვს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღოს,  – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, პროცედურული ომია და მოხდა სხდომის ჩაშლა.

„იმდენად ამორალური კანონია როგორც ქართული ჯარის, ასევე ახალგაზრდების წინაშე, ჩვენ სრული მორალური ლეგიტიმაცია გვაქვს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღოს ან ძალიან მძიმე ელექტორალური დანახარჯებით მიიღონ, რომ ადამიანებმა გაიგონ, რა ბოროტებას ვაჩერებთ მთელი ოპოზიცია. ოპოზიციონერ კოლეგებს ვთხოვეთ, რომ რეგისტრაცია არ გაევლოთ. ეჭვები იყო, რომ ოპოზიციაში ვიღაცებს დახმარება უნდოდათ, მაგრამ დღეს ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ დახმარება არ მოინდომა და სხდომა ჩაიშალა. ზაფხულია და ბევრი დეპუტატი გასულია ქალაქიდან, მათ კარგ დასვენებას ვუსურვებ, ნუ იჩქარებენ, კარგად დაისვენონ. პროცედურული ომი და სხდომის ჩაშლის ასეთი მეთოდი „ქართულმა ოცნებამ“ გვასწავლა, მანამდე აზრადაც არ მოგვსვლია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 65-მა დეპუტატმა, რაც პლენარული სხდომის ჩატარებისთვის საკმარისი არ არის. სხდომაზე თავდაცვის კოდექსში ცვლილებები უნდა განეხილათ.