იაგო ხვიჩია - სტრასბურგის სასამართლომ, როგორც ჩანს, აღმოაჩინა, რომ ის სასამართლო არ ვარგოდა, გვეუბნებიან, რომ დღესაც იგივეა და არ შეიძლება, ვარგოდესო
მოსამართლეს როდესაც გადაწყვეტილება გამოაქვს, შეისწავლის, საქართველოში როგორი სასამართლო იყო, როგორც ჩანს, აღმოაჩინეს, რომ ის სასამართლო არ ვარგოდა, დღეს იგივე სასამართლო გვაქვს და არ შეიძლება, ვარგოდესო, ამას გვეუბნებიან, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„სტრასბურგში, როგორც ჩანს, შეისწავლეს, აღმოაჩინეს, რომ ცუდი სასამართლო იყო. ისეთი, როგორიც გადაწყვეტილებაში წერია. ასევე, ისიც შეიძლება აღმოაჩინო, რომ დღემდე ის სასამართლო გაქვს. იმავე სასამართლოს, რომელზეც ამდენი ილაპარაკეთ, ასამართლებინებ მიხეილ სააკაშვილს. შესაბამისად, ასეთი სასამართლოს მიერ ნებისმიერი ვინმეს გასამართლება, ვისაც პოლიტიკასთან შეხება ჰქონია, პოლიტიკური ანგარიშსწორება რომ არის, ხომ ისედაც ფაქტია. არ არის ეს ერთმანეთთან საწინააღმდეგო ლოგიკური დაშვებები. ის სასამართლო არ ვარგოდა, იგივე სასამართლო გვაქვს დღეს და არ შეიძლება, დღეს ვარგოდესო, ამას გვეუბნებიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ აკაკი ოჩიგავას მიმართ არასათანადო მოპყრობა არ შეიძლება, არ იქნას კვალიფიცირებული როგორც წამება, ეს ჩადენილი იყო პატიმრებისადმი სისტემური ძალადობის პერიოდში.
ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, სტრასბურგის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა, მათ შორის იყო პატიმრების ცემა კვირაში რამდენჯერმე.